ისრაელმა, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა და დამატებითი ძალა შეიყვანა. ისრაელის მედიის თანახმად, სახმელეთო შენაერთების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფების განადგურება წარმოადგენს, ამ ამოცანის შესასრულებლად, კი წინ კოორდინირებულად მიიწევენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ღაზის სექტორში, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა "ჰამასის" 450 ობიექტს დაარტყეს.
Times of Israel სამხედრო ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნე "ჰამასის" სამეთაურო და სამეთვალყურეო ცენტრებია, საიდანაც მოწინააღმდეგე ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს უშვებს.
"ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაცია ბრძოლები გრძელდება. ჩვენ ომის ამ ეტაპზე დასახულ ამოცანებს გეგმის მიხედვით ვასრულებთ. თანდათან ვაფართოებთ სახმელეთო ოპერაციის არეალს. ეს ყველაფერი ცხადია რთულია, რადგან დაკავშირებულია რისკებთან ჩვენი ძალებისთვისაც. ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა ოპერაცია მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ჩვენი სამხედროებისთვის. ჩვენ დაზარალებულთა ოჯახის წევრების გვერდით ვდგავართ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები დავაბრუნოთ სახლში," - აღნიშნავს ისრაელის არმიის სპიკერი.