26 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
"ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ" - ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა

ისრაელმა, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდეს, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან "ჰამასთან" ომის შემდგომ ეტაპზე გადადიან. ისრაელის სამხედრო მეთაურები ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე არიან განლაგებული.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში 450 ობიექტს დაარტყეს. სამიზნე "ჰამასის" სამეთაურო პუნქტები და შეკრების ადგილები იყო.

"არმიის დანაყოფები მანევრირებენ ღაზას ტერიტორიაზე და უტევენ "ჰამასის" პოზიციებს ყველგან, მათ შორის, მიწაზე და მიწის ქვეშაც, ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან. ეს არ არის სრულმასშტაბიანი ოპერაცია, თუმცა ჩვენ ვახორციელებთ შედარებით მცირე მასშტაბის მიზანმიმართულ დარტყმებს ავიაციის ჩართულობით," - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ომის მეორე ეტაპი დაიწყო და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

"ომის მეორე ეტაპი დაიწყო, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ. გუშინ საღამოს, ჩვენი სახმელეთო ძალების დიდი ნაწილი შევიდა ღაზაში. ეს არის ომის მეორე ეტაპი, რომლის მიზნები ნათელია - "ჰამასის" სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურება, ასევე მძევლების სახლში დაბრუნება. ომი ღაზას სექტორში რთული და ხანგრძლივი იქნება და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ომის შემდეგ ჩვენ ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა რთულ კითხვებზე. სახმელეთო ოპერაცია, რომელიც ჩვენ გავაფართოვეთ, დაგვეხმარება მძევლების დაბრუნებაში. მე ვერ ვიტყვი, რომ თავდასხმაში პირდაპირ იყო ჩართული ირანი მაგრამ ისინი აფინანსებენ "ჰამასს." მათი დაფინანსების გარეშე, არ იქნება "ჰამასი." მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამოქალაქო მოსახლეობას, ევაკუაცია მოახდინოს ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე უსაფრთხო ზონაში," - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

გარდა ამისა, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ყველაფერი კეთდება მძევლების დასაბრუნებლად.

"ჩვენ გავაკეთებთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ მძევლები სახლში დავაბრუნოთ. ეს არის სახმელეთო ოპერაციის მიზნების განუყოფელი ნაწილი. ჩემი აზრით მთავარია ზეწოლა. რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია შანსებიც," - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები