26 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ომი ისრაელში - რა გზით ეწინააღმდეგება ისრაელს "ჰამასი" და როგორია ბოლო ცნობები  

აფეთქებების ინტენსივობის ზრდა, სატელეფონო და ინტერნეტკავშირის გათიშვა – ეს იყო პირველი სიგნალი, რითაც ცხადი გახდა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში ახალ ეტაპზე გადავიდა.

თუ მანამდე "ჰამასის" პოზიციებს მხოლოდ ავიაციით და სარაკეტო დარტყმებით უტევდნენ, ამჯერად, საქმეში არტილერია და ქვეითი ჯარიც ჩაერთო.

დანაყოფებმა, რომლებიც ღაზას გარშემო 20 დღის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული და ბრძანებას ელოდებოდნენ, მოქმედება დაიწყეს. "ჰამასის" პოზიციებზე იერიში მიიტანეს ზღვიდანაც.

რამდენიმესაათიანი გაურკვევლობის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროში პირველი ბრიფინგი დაინიშნა. სპიკერმა სამხედრო ოპერაციის პირველადი შედეგები და ჰუმანიტარული საკითხები მიმოიხილა.

ისრაელის თავდაცვის უწყება თავს იკავებს დეტალების გასაჯაროებისგან, მაგალითად რა ფართობის ტერიტორიაა ამ ეტაპზე გაწმენდილი, ასევე, აწყდებიან თუ არა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას "ჰამასის" მხრიდან. ცახალში არც ოპერაციის ვადების შესახებ საუბრობენ, თუმცა, ყველა ჯერზე, მკაფიოდ ასახელებენ მიზანს – რაც "ჰამასის" სრულად განადგურებაა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ გაავრცელა მიმართვა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში და ქალაქ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაინაცვლონ სამხრეთ ნაწილში. აქვე, ნათქვამი იყო, რომ "ჰამასი" კვლავ ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა, ღაზაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მძევლები ცოცხალ ფარად გამოიყენოს. სწორედ ამიტომ, სარაკეტო იერიშებს დასახლებული ზონებიდან ახორციელებენ, შტაბებად და საწყობებად კი მეჩეთების, სკოლებისა და საავადმყოფოების სარდაფებსა და მათ ქვეშ გაყვანილ გვირაბებს იყენებენ.

ევაკუაციის მოწოდებასთან ერთად, დღეს გაკეთდა განცხადება, რომ, ეგვიპტის მხრიდან, რაფაჰის პუნქტის გავლით, საკვებით, წყლით და მედიკამენტებით დატვირთულ მანქანებს შეუშვებენ. ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი დღეს ღაზაში უკვე შეიტანა წითელმა ჯვარმა.

სამხედრო ოპერაციის ზონაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ ღაზაში 7 700-ს გადააჭარბა. 1400-ზე მეტია "ჰამასის" მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს მოკლულების რიცხვი. "ჰამასის" ტყვეობაში რჩება 200-ზე მეტი მძევალი, რომელთა გამოხსნა ისრაელის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

დღის ამბები