26 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
„ვესაუბრე გაერთიანებული სამეფოს პრემიერსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს - განვიხილეთ, რა შეიძლება გაკეთდეს ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომისა და უფრო დიდი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტებთან 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ძალებმა ხერსონი 90-ჯერ დაბომბეს, დაშავდა თერთმეტი ადამიანი. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მისივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 516 ჭურვი გაისროლეს, იყო სარაკეტო დარტყმაც. რუსმა სამხედროებმა ხერსონში დასახლებულ პუნქტებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და მაღაზიებს დაარტყეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათი სამხედროები, თავდაცვასთან ერთად, შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ და წინ მიიწევენ ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.

"ვესაუბრე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს. განვიხილეთ მშვიდობის აუცილებლობა. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომისა და ხალხისთვის უფრო დიდი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

მე განვიხილე პრემიერ-მინისტრ სუნაკთან ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემების.

და არის ძალიან ძლიერი პაკეტი გერმანიიდან – ზუსტად ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ბატონ კანცლერთან. ზამთრამდე მივიღებთ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის რაკეტებს და რადარებს. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ჯარისკაცებს და ჩვენი ქალაქების დაცვას,"- აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები