26 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
„რადიკალური ოპოზიციის სახით, ჩვენ გვყავს ქვეყნისადმი და საკუთარი ხალხისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები და, დიდი ხანია, ამ ფერხულში ე.წ. პრეზიდენტიც ჩაება“ - ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის დაბლოკვით, სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ოპოზიციის რადიკალურ გეგმებს ემხრობა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ნებისმიერი გამოხატვის დროს, მთავარია, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ შეექმნას რაიმე საფრთხე.

"ჩვენ გვყავს, რადიკალური ოპოზიციის სახით, ქვეყნისადმი და საკუთარი ხალხისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები. ეს გასაგებია, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ ფერხულში, უკვე დიდი ხანია, ჩაება ე.წ. პრეზიდენტიც. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოხატვის დროს, პირველი და მთავარი არის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნას რაიმე საფრთხე. ამ რეგულაციებით, ჩვენ, დიდწილად, ასეთი რისკები გადავზვერეთ," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ცვლილებები სრულად იყო შესაბამისობაში მაღალ ევროპულ სტანდარტებთან.

"ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მიზანია, რომ ხელისუფლებასთან მაქსიმალურ კონფრონტაციაში იყოს. ამიტომ, ეს იყო ძირითადად მისი ვეტოს მიზანი და მიზეზიც, როდესაც ხდება ხოლმე ობიექტურად რისკი იმისა, რომ უსაფრთხოების დიდი საფრთხე შეექმნას ამა თუ იმ თავყრილობას თუ მიტინგს, ამ შემთხვევაში, სწორედ უსაფრთხოების მოთხოვნები არის გასათვალისწინებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეს შესწორებები სრულად იყო შესაბამისობაში მაღალ ევროპულ სტანდარტებთან," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა იყოს დაცული.

"არიან ადამიანები, რომლებიც ემზადებიან სამოქალაქო არეულობებისთვის, ემზადებიან სამოქალაქო დაპირისპირებებისთვის. ჩვენ არ გვჭირდება არეულობა, ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირება, თავპირის ლეწვა, ურთიერთლანძღვა, გინება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა იყოს დაცული," - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები