26 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
„ვფიქრობ, ვეტო-ს დაძლევის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოშიც უნდა იყოს მსჯელობა“ - თეონა აქუბარდია მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტზე

საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი, კენჭისყრაზე გავა. ოპოზიცია პრეზიდენტის ნაბიჯს ლოგიკურად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი ემხრობიან "მანიფესტაციებისა და შეკრებების" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ თუკი ვეტო დაიძლევა, საკონსტიტუციო სასამართლოშიც უნდა გაგრძელდეს მსჯელობა.

"ეს კანონი გვეუბნება, რომ პოლიციელმა, საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა უფლება კონკრეტული ადამიანების ჯგუფს კარვის, სცენის თუ თუნდაც გასაშლელი სკამის გაშლის უფლება. მთავარი პრობლემა აქ არის, როდესაც პოლიციელი საკუთარი შეხედულებით იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ვეტო დაიძლევა, საკონსტიტუციო სასამართლოშიც უნდა იყოს ამაზე მსჯელობა, რადგან ზღუდავს ეს ყველაფერი ფუნდამენტურ უფლებებს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტო მათთვის არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმ მოლოდინისთვის, რომლის წინაშეცაა ჩვენი ქვეყანა და ეს არის ჩვენი ევროპაში ინტეგრაცია. ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ასეთ რამეს აკეთებ, მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

დღის ამბები