26 ნოემბერი 2024,   01:21
ვრცლად
სამშენებლო დავაში ჩართული ქურდები და 75 000 დოლარის გამო ნაცემი ბიზნესმენი - რა ისმის ფარულ ჩანაწერებში და რა ინფორმაცია მოიპოვა "კურიერმა"

დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერში კარგად ისმის, თუ როგორ უსწორდებიან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეს. "კურიერის" ინფორმაციით, ბიზნესმენზე ფიზიკური ანგარიშსწორება ბათუმში აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის საათებში მოხდა. ფაქტს თვითმხილველები თითქმის არ ჰყავს.

საქმის მთავარი მტკიცებულება გამოძიების მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერია. ირკვევა, რომ სამშენებლო კომპანიაში წარმოშობილი ფინანსური დავის გადასაწყვეტად ერთ-ერთმა მოდავე მხარემ დასახმარებლად "ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართა. რამდენიმე ქურდული გარჩევა საბოლოოდ ბიზნესმენის ცემით დასრულდა. ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა მას 75 000 დოლარის გადახდაც დააკისრეს.

გამოძიებას არ დაუკონკრეტებია, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, საქმის მასალებში ფიგურირებს ქურდული სამყაროს აზერბაიჯანული კლანი და ე.წ. კანონიერი ქურდი ნამიკ სალიფოვი. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ საზღვარგარეთ მყოფმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა გასცა ბიზნესმენზე ფიზიკური ანგარიშსწორების ბრძანება.

ბრალდებულთა უმეტესობა ახლა დუმილის უფლებას იყენებს, ადვოკატები კი დაკავებულების კავშირს ე.წ. კანონიერ ქურდებთან უარყოფენ. ნაწილი ამბობს, რომ ბიზნესმენზე ფიზიკური ანგარიშსწორების ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულში თავად არ მონაწილეობდა.

დაკავებულთა ახლობლებს მედიასთან საუბარი არ სურთ. სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს მათი საცხოვრებელი სახლები. ბრალდებულები სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები