26 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
საქართველო, როგორც ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის - "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმი დასრულდა

კავშირების გაცვლა ერთმანეთთან ”აბრეშუმის გზის” ტრადიციული, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილია. იდეა გაცილებით დიდია - კულტურის, ღირებულებებისა თუ გამოცდილებების გაცვლა. ამ საქმეში საქართველოს ისტორიულად ჰქონდა თავისი შეუცვლელი როლი, რომელიც ორ სამყაროს - აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებდა. ერთმანეთთან მისასვლელი ძველი გზები ახალმა რეალობამ კვლავ აქტუალური გახადა. თბილისი ხვდება, რომ ახლა მისი სვლაა.

ეკონომიკის მინისტრი დღეს 60 ქვეყნის 2000 სტუმარს მიმართავდა, რომლებიც შუა დერეფანში საქართველოს როლს კარგად აცნობიერებენ და დაინტერესებულები არიან, სწორედ თბილისი იყოს მიზიდულობის წერტილი მათი ტვირთების გადაზიდვისთვის, ინვესტიციების დაბანდებისა თუ პარტნიორობის წამოწყებისთვის. მითუმეტეს,რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არ მქონე 8 სახელმწიფოს უკვე ეხმარება კავშირში, ამასთან კი 23 მილიარდიან ბაზარზე აქვს წვდომა. ინვესტორებმა ეს კარგად იციან, ინტერესიც შესაბამისია.

ორი დღის განმავლობაში თბილისში ბევრი იყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება "აბრეშუმის უძველესი გზის - ახალმა კონცეფციამ" ისე იმუშაოს, რომ ინვესტიციების დაინტერესებულ პირებს საქმის ნახევარი გამზადებული დახვდეს. ამაზე მსჯელობდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის დონეზე. ბიზნესმა დღეს ბევრი ისაუბრა ერთმანეთშიც, როდესაც ადგილობრივმა და უცხოურმა კომპანიებმა ერთმანეთთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს. გამოიკვეთა, რომ არსებობს მიმართულებები, რომელზე ფოკუსირებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"აბრეშუმის გზის" ფორუმის მთავარ მიღწევაზე "რუსთავი 2-ს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც ესაუბრა. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვა იმ მემორანდუმებს, რომელიც თბილისისთვის ხელშესახებ როლს ითამაშებს. მათ შორისაა ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტები, რომელიც შუა დერეფანში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სატრანსპორტო პოტენციალის ათვისებას მოემსახურება. დიპლომატიურ უწყებაში მიიჩნევენ, რომ თბილისმა ამ 2 დღეში ყველაფერი აჩვენა, რისი წარმოჩენაც სურდა.

"თბილისის აბრეშუმის გზის" რიგით მე-4 ფორუმი უკვე დასრულდა. გარდა ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული თუ სავაჭრო საკითხებისა, მასში დიდი იყო პოლიტიკური შემადგენელიც და ის იმით იქნება დასამახსოვრებელი, რომ თბილისმა ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული მეზობლის ერთ ოთახში შეკრება მოახერხა, რაც კიდევ უფრო ამბიციური სამშვიდობო ინიციატივების იმედს აჩენს.

დღის ამბები