26 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
სააკაშვილი ელექტრონულ არჩევნებს აკრიტიკებს - რა გამოხმაურებები მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას

მორიგი პოლიტიკური გზავნილი, ყოფილმა პრეზიდენტმა ამჯერად სასამართლო სხდომიდან გააჟღერა, სადაც მოსამართლე და მხარეები 7 ნოემბრის საქმეზე და ამ საქმეში მის მონაწილეობაზე მსჯელობდნენ. სამართლებრივ ნაწილზე სააკაშვილს არაფერი უთქვამს, თუმცა, 2024 წელს არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს გაყალბების რისკებს ზრდის. ამაში კი, მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა თამარ ჟვანია დაადანაშაულა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ცესკოს თავმჯდომარის პოსტს აღარ იკავებს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება იმ ფონზე, როდესაც მან ისიც არ იცის, ვინ არის ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, არასერიოზულია. ”ქართულმა ოცნებამ” დღეს თქვა, რომ სწორედ ელექტრონული სისტემა აზღვევს გაყალბებისა და მანიპულაციების რისკებს.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება მნიშვნელოვანია, თუმცა, ისინი მეტ რისკებს წინასაარჩევნო პერიოდში ხედავენ. რატომ გახდა ეს თემა ახლა სააკაშვილისთვის საინტერესო მათთვის უცნობია - ვარაუდობენ, რომ ამ ფორმით, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ აქტუალიზაციას ცდილობს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი სხდომის დასრულების შემდეგ, განმარტა რა იგულისხმა მსჯავრდებულმა პატიმარმა.

სახელისუფლებო გუნდი ყოფილ პრეზიდენტს წარსულში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს, სადაც სააკაშვილი მხარს უჭერდა არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებას.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოზიციებს მსჯავრდებული მისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე იცვლის, შესაბამისად მათთვის, ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელი შეცვლილი პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა.

დღის ბოლოს, ყოფილ პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედმა თავმჯდომარემაც უპასუხა. გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებას, მხარს ოპოზიციის დიდი ნაწილიც უჭერს.

განცხადებები ელექტრონულ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილმა დღეს პროცესზე ჩართვისას გააკეთა, საქალაქო სასამართლო 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე მსჯელობდა. აღნიშნულ საქმეში ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბრალდებულები ვანო მერაბჳშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავაც არიან.

დღის ამბები