26 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი -პოლიტიკურ სპექტრში უთიერთბრალდებები გრძელდება

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ დახურულ შეხვედრებზე ოპოზიციის არაერთგვაროვანი პოზიცია პარტნიორების შეშფოთებას იწვევს და ეს პროცესს აზიანებს. ამ განცხადების გამო, ხატია დეკანოიძე უკვე რამდენიმე დღეა კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ოპოზიციის ამომრჩეველთა მხრიდან თავდასხმის ობიექტია.

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტნიორები დეკანოიძის ნათქვამს სახელისუფლებო პროპაგანდას უწოდებენ და ამბობენ, რომ ამით ოპოზიციური ფლანგი ზიანდება. პასუხისმგებლობას სტატუსის მიღებაზე ისევ ხელისუფლებას აკისრებენ, თუმცა იმავდროულად აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერც ოპოზიცია და ვერ მმართველი პარტია მოახდენს. ხატია დეკანოიძისგან ყოფილი თანაგუნდელები კონკრეტული გვარების დასახლებას ითხოვენ.

ოპოზიციაში ყველა ასე არ ფიქრობს. ნაწილი ამბობს, რომ პოლიტიკოსთა გულწრფელი სურვილები სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გამოაშკარავდება.

კონკრეტული ოპოზიციონერების ვინაობის გარკვევა მმართველი გუნდისთვის საჭირო არ არის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თავიდანვე ნათელი იყო, ვინ ეწეოდა ევროინტეგრაციის საბოტაჟს და ვინ იყენებდა კანდიდატის სტატუსის თემას ხელისუფლებასთან ბრძოლის იარაღად.

ხათუნა სამნიძე, რომელმაც ხატია დეკანოიძის მსგავსად, გაასაჯაროვა ის, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პარტნიორებთან შეხვედრებზე სტატუსის მიღების გადავადებაზე საუბრობდა, დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე კი გუშინ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, მათ შორის, არც არასამთავრობო სექტორისთვის.

ოპოზიციასთან ერთად კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები რომ ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ კოორდინირებულად მოქმედებენ, ამაზე დიდი ხანია საუბრობს, მმართველი პარტია.

"ქართული ოცნებისთვის" დამატებითი არგუმენტია სულხან სალაძის განცხადებაც. ერთ-ერთ მედიაში სალაძემ განმარტა, რომ სტატუსის მიღება ოპოზიციისთვის სასარგებლო ვერ იქნება.

მმართველი პარტია ამ განცხადებას, ოპოზიციის ცალკეული ლიდერების შემდეგ, უკვე არასამთავრობო სექტორის აღიარებად აფასებს, რომ სტატუსის მიღება მათ ოპონენტებს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ უკვე ღიად ითქვა მიზეზი, თუ რატომ არ სურს ოპოზიციის ნაწილს სტატუსის მიღება.

გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე ევროკომისიამ უნდა შეაფასოს ქვეყნის პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

დღის ამბები