26 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
ისტორიული შეხვედრა - ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ

ისტორიულ შეხვედრა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, ნიკოლ ფაშიანიანმა და ალი ასადოვმა სამშვიდობო მოსაზრებები გაცვალეს. სამხრეთ კავკასიის სამი პრემიერის არაფორმალური საუბარი, შატო მუხრანში შედგა. ყარაბაღში ომის შემდეგ, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. მთავრობის მეთაურებმა არაფორმალურ გარემოში რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს. საქართველო როგორც მიუკერძოებელი და ნეიტრალური შუამავალი, რომელიც დაინტერესებულია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობით, პრემიერ-მინისტრმა სამმხრივი შეხვედრები და მშვიდობის მიღწევის პროცესში საქართველოს თანამონაწილეობა შეაფასა.

კიდევ ერთი სამშვიდობო მოლაპარაკება გუშინ, თბილისშიც გაიმართა. აბრეშუმის ფორუმის გახსნის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირისპირებული მხარეები ერთ მაგიდასთან მიიწვია. სწორედ აბრეშუმის ფორუმის გახსნით ნაწილზე დააფიქსირეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა, რომ ისინი ურთიერთობის ნორმალიზების ახალ ეტაპზე გადასასვლელად მზად არიან.

საქართველომ კარგად იცის ომისა და მშვიდობის ფასი, ამიტომ რეგიონში მშვიდობას უალტერნატივოდ მიიჩნევს - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი სტაბილურობისა და მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლის როლი საქართველომ წარმატებით უკვე შეასრულა. 2021 წლის 12 ივნისს აზერბაიჯანმა სომხეთს 15 ტყვე საქართველოს ტერიტორიის გავლით დაუბრუნა, სანაცვლოდ კი, ოფიციალურმა ერევანმა ბაქოს ნაღმების განთავსების სქემა გადასცა. შეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან და ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით შედგა. სწორედ საქართველოდან გამოთქვა მზაობა სომხეთის მხარესთან შეხვედრაზე, ილჰამ ალიევმა 8 ოქტომბერს, თბილისში ვიზიტის დროს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ქართული მხარე ყოველთვის ასრულებს მიუკერძოებელი მედიატორის როლს და სომხეთთან შეთანხმების მისაღწევად, სამშვიდობო პროცესში საქართველოს თანამონაწილეობა აუცილებელია.

კონფლიქტში მყოფი ქვეყნების წარმომადგენლების ერთ მაგიდასთან საქართველოში დასხდომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან იგივე ვერ მოხერხდა გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში. აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების შეხვედრა ჩაიშალა ბრიუსელშიც. ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, საქართველოში შემდგარი სამმხრივი შეხვედრები კი აზერბაიჯანული, სომხური და საერთაშორისო მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. დღის ბოლოს პრემიერი აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერებთან შეხვედრას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის მომავალი და მასშტაბური რეგიონული პროექტების განხორციელება საერთო ინტერესია. მთავრობის მეთაური, წერს, რომ თბილისი მზად არის სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში გააგრძელოს ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ირაკლი ღარიბაშვილმა გალა -ვახშამზეც უმასპინძლა. სამი ქვეყნის მეთაურებთან ერთად, ვახშამზე მიწვეულები იყვნენ, თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებიც. ორი დღის განმავლობაში მიმდინარე პლატფორმას 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრო. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, 2015 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა. წელს ფორუმი საქართველოში, მეოთხედ გაიმართა.

დღის ამბები