ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში დაღუპული 7 000 ადამიანიდან 40% ბავშვია. მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაშავებული 18 000 ადამიანიდანაც უმეტესობა ბავშვია.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზაში 1 000 ადამიანს ესაჭიროება დიალიზი, 30 ბავშვი იმყოფება ინკუბატორში და ასევე სიმსივნით დაავადებულ 2 000 ადამიანს დაუყოვნებლივ დახმარება სჭირდება. ეს ყველაფერი კი შეუძლებელი ხდება, რადგან საავადმყოფოების გენერატორები საწვავის გარეშე ვერ მუშაობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, საავადმყოფოებში, რომლებიც მუშაობენ, საშინელი მდგომარეობაა და ხშირად პაციენტებს ოპერაციებს დერეფნებში, ანესთეზიის გარეშე უტარებენ.