ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე "წარმატებული ცხოვრების გასაღები თქვენ გაბარიათ", კადეტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინეს. ლიცეუმის მასწავლებლებსა და კადეტებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
გრიგოლ გიორგაძემ მასწავლებლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება სამხედრო ლიცეუმში მათ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა. ღონისძიების ფარგლებში, ლიცეუმის მენტორ-მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების პედაგოგები; 14-მა მასწავლებელმა კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მენტორი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სპეციალური სამკერდე ნიშნები მიიღო.
საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №340 დადგენილებით მასწავლებლის განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით მასწავლებლის დღედ 27 ოქტომბერი დაწესდა.