26 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
"ჯარისკაცები მზად არიან და სახმელეთო ოპერაციაც მალე დაიწყება" - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის 21-ე დღე

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის 21-ე დღეს სრული სახმელეთო შეტევა ისევ არ დაწყებულა, თუმცა ე.წ. რეიდები კვლავ გრძელდება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განაცხადებით, ჯარისკაცები მზად არიან და სახმელეთო ოპერაციაც მალე დაიწყება.

ცნობილი ხდება, რომ მოკლულია "ჰამასის" კიდევ 5 მეთაური, მათ შორის, ერთ-ერთი ლიდერი - შადი ბარუდი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა.

სტატისტიკა ისრაელის მხარეს კვლავ უცვლელია - 1400 დაღუპული, "ჰამასის" ტყვეობაში რჩება 220, ღაზაში კი მსხვერპლი 7000 სცდება.

ეგვიპტის სასაზღვრო ქალაქ ტაბაში, საავადმყოფოს მახლობლად რაკეტა ჩამოვარდა, დაშავებულია 6 ადამიანი. ჯერჯერობით გაურკვეველია რაკეტის ჩამოვარდნა დაკავშირებულია თუ არა ღაზაში მიმდინარე ომთან.

ჰუმანიტარული კრიზისი ღაზის სექტორში კვლავ აქტუალურია, ისრაელსა და "ჰამასს" ევროკავშირის ლიდერები ჰუმანიტარული "პაუზებისკენ" და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ მოუწოდებენ.

გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოები კი აცხადებენ, რომ ღაზაში საწვავის დეფიციტის გამო, იძულებულები ხდებიან შეამცირონ ადგილობრივების დახმარება.

დღის ამბები