26 ნოემბერი 2024,   01:19
ვრცლად
ხანგრძლივი მშვიდობა რეგიონში - სამი ქვეყნის პრემიერების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი "აბრეშუმის გზის ფორუმზე"

რეგიონში მშვიდობის უალტერნატივობა - სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო. საქართველოს მთავრობის მეთაური სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი სტაბილურობის დამყარებას მშვიდობიან პოლიტიკაში ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" ტრიბუნა დღეს კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ "მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" მნიშვნელობაზე ესაუბრა. "საქართველოს ესმის ომის ფასი და მშვიდობის ფასეულობა" - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველომ, ერთ-ერთი მთავარი შუამავლის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე შეასრულა. სწორედ პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, არაერთი შეხვედრა შედგა, რაც კონკრეტული შედეგითაც დასრულდა. 2021 წლის 12 ივნისის აზერბაიჯანმა სომხეთს 15 ტყვე უშუალოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით დაუბრუნა - საპასუხოდ კი, ოფიციალურმა ერევანმა ბაქოს 97 ათასი ნაღმის განთავსების სქემა გადასცა - ეს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან და ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით მოხერხდა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების უზრუნველსაყოფად ახლა აზერბაიჯანი და სომხეთი ახალ ეტაპზე გადადიან.

ნიკოლ ფაშინიანის შემდეგ, ტრიბუნა მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ დაიკავა. ალი ასადოვმაც ყურადღება მშვიდობაზე გაამახვილა და თქვა, რომ ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ ბაქომ პოზიცია სწორედ მშვიდობის დამყარების კონტექსტში გამოხატა.

გასული თვის შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლი აღდგენილად გამოაცხადა ოფიციალური ბაქო და ერევანი ურთიერთობის ახალ ჭრილში არიან გადასული. საქართველო, როგორც შუამავალი, კვლავ მზადაა ორ სახელმწიფოს შორის სამმხრივი შეხვედრები უზრუნველყოს. სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობას, "სწორი არჩევანი" აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რამდენიმე კვირის წინ, თბილისში სტუმრობის დროს უწოდა.

დღის ამბები