მასობრივი მკვლელობა აშშ-ში - თავდამსხმელმა თავდაპირველად ცეცხლი ბოულინგ კლუბში ადგილობრივი დროით 7 საათზე გახსნა, შემდეგ კი, მიმდებარე რესტორანში გადაინაცვლა. მასობრივ სროლას, 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათი ასაკი 16-დან 22 წლამდეა, დაშავდა 13.
თავდასხმის მიზეზი უცნობია. ეჭვმიტანილი 40 წლის რობერტ ქარდია, რომელიც აშშ-ის არმიის რეზერვშია და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სერტიფიცირებული ინსტრუქტორია. დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს ასობით პოლიციელი. ლუისტონის პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო სოციალური ქსელებით გაავრცელა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ის შეიარაღებულია და საშიში.
შემთხვევამდე ორი კვირით ადრე, რობერტ ქარდი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კლინიკაში იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს, ბოლო პერიოდში, ხმები ესმოდა და საწვრთნელ ბაზებზე ცეცხლის გახსნითაც იმუქრებოდა.
ქალაქ ლუისტონსა და მის შემოგარენში სკოლები და ოფისები დაიხურა. ჩაიკეტა მეინის შტატის ქალაქები, ახლომდებარე შტატებმა კი გაფრთხილებები მიიღეს. პრეზიდენტი ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა მენის შტატის გუბერნატორს და, ფედერალურ დონეზე, სრული მხარდაჭერა შესთავაზა. მეინის შემთხვევა შეერთებულ შტატებში ბოლო ოთხ წელში მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.