26 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
აბრეშუმის გზის ფორუმი - რა პროექტებს იწყებს საქართველო ევროპისთვის მწვანე ენერგიის მისაწოდებლად და რა შეხვედრები ჰქონდა პრემიერ ღარიბაშვილს ფორუმის ფარგლებში

"გვიხარია, რომ ვიმყოფებით ამ უძველეს ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს აბრეშუმის გზაზე და ცნობილია, როგორც კარიბჭე და დამაკავშირებელი გზა აზიასა და ევროპას შორის - საერთაშორისო ჟურნალისტმა, ღიდა ფაქრიმ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, ამ სიტყვებით გახსნა და სცენაზე მთავარი დისკუსიისთვის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები მიიწვია.

საქართველო, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ერთ-ერთი უმოკლესი და საიმედო სატრანსპორტო დერეფანი და კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის - საქართველოს როლი აბრეშუმის გზის რიგით მეოთხე ფორუმზე, ირაკლი ღარიბაშვილმა დასაწყისშივე განსაზღვრა. შავი ზღვის ელექტრო და ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რკინიგზის მოდერნიზება, საჰაერო კავშირების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტი - ამ საერთაშორისო პროექტების განხორციელება, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ერთი მხრივ აბრეშუმის გზის მთავარ არსს-ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას გაზრდის, მეორე მხრივ კი, ქვეყნის რეგიონული ჰაბის სტატუსს გააძლიერებს.

მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ჩამოსული 2000 დელეგატი თბილისში, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობს. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, სტუმრების შეფასებით, ის პლატფორმაა, სადაც, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ქვეყნები საერთო მიზნის მიღწევას ცდილობენ. მაგალითად, აზერბაიჯანი და სომხეთი, რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად, საკუთარი ქვეყნების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

აბრეშუმის გზის ფორუმი კარგი საშუალებაა, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად, ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობა. სწორედ ამ მიმართულებით ისაუბრა ფორუმზე მონტენეგროს პრემიერმა, როდესაც მკაფიოდ თქვა, რომ მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

პრემიერ-მინისტრები ერთად არა მარტო სცენაზე ისხდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგა ლიდერებს ერთობლივად უმასპინძლა და მათთან ერთად ფორუმის ერთობლივი ფოტოც გადაიღო. ირაკლი ღარიბაშვილი კოლეგებს პირისპირ ფორმატშიც ესაუბრა. საქართველო-სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას.

ძალიან კარგი საუბარი მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგასთან შეხვედრას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის მოუთმენლად ელის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობაა, ეს საკითხი განიხილა საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონტენეგროს პრემიერთან შეხვედრისას. საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას. მონტენეგროსთან სხვადასხვა სფეროში დაგროვებული გამოცდილების გაზიარება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, ქმედითი ინსტრუმენტია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მონტენეგროსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნები გააჩნია. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განხილვის გარეშე არ ჩაუვლია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ალი ასადოვთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებზე.

აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, თანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის პრიორიტეტია. პრემიერმა დაადასტურა, რომ, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო მზად არის გააღრმავოს რეგიონული თანამშრომლობა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისათვის ალი ასადოვს ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა. პრემიერი დარწმუნებულია რომ საერთო ინტერესების სფეროებში აზერბაიჯანთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველო რომ საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად ეკონომიკურ მზადყოფნაშია, ამის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა ფორუმზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმ სარეიტინგო მონაცემებს გაუსვა ხაზი, რომლის მიხედვით საქართველო სხვადასხვა სფეროში ლიდერ პოზიციებს იკავებს.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს პრემიერი სოციალურ ქსელშიც ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა ხაზს უსვამს, საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში. ფორუმი ხვალ დასრულდება. მასში სპარსეთის ყურის, თურქეთის, სერბეთის, იაპონიის, უნგრეთის, რუმინეთის, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც მონაწილეობენ. უკვე გაფორმდა რამდენიმე მთავრობათაშორისი მემორანდუმი.

დღის ამბები