26 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ევროკავშირის ელჩის მოწონებულ კანონს "მაუწყებლობის შესახებ" ოპოზიცია იწუნებს - რა ახსნას უძებნიან ჰერჩინსკის სიტყვებს მმართველი გუნდის ოპონენტები

ოპოზიციას არ სურს, დაიჯეროს, რომ ევროკავშირის ელჩმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი მოიწონა. საუბარია ცვლილებებზე, რომლებითაც, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელებისთვის, მაუწყებლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა ჩნდება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის, მიღებული პროექტი იმდენად მიუღებელია, რომ ცდილობენ, პაველ ჰერჩინსკის პოზიტიურ შეფასებას სხვადასხვა ახსნა მოუძებნონ.

ევროკავშირის ელჩმა კანონზე მუშაობას მხოლოდ დადებითი მოვლენა უწოდა. მკაფიო განცხადება მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, როდესაც სტატუსის მიღებამდე ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს აფასებდა.

მმართველი პარტიის აზრით, კონკრეტულ კანონზე ელჩმა ყურადღება შეგნებულად გაამახვილა, რითაც ევროდირექტივის შესრულებისთვის ინიციირებულ საკითხზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები კანონში ცვლილებს მხოლოდ პარლამენტში არ აპროტესტებდნენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ყველა ნაბიჯი მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობდა, რაც ელჩის დადებითი შეფასების შემდეგ უკვე ნათლად გამოჩნდა.

ევროკავშირის მოწონებულ კანონს იწუნებს "ნაციონალურ მოძრაობაც". პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ისინი სალომე ზურაბიშვილს კანონზე ვეტოს დადებას სთხოვენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ელჩის შეფასებამ გამოავლინა, რომ ოპოზიცია საკითხით მხოლოდ სპეკულირებდა და მათი კრიტიკა უსაფუძვლო იყო. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილებები დეტალურად შეთანხმდა ევროკომისიის სტრუქტურებთან, ოპოზიცია კი სწორედ ევროდირექტივის შესრულებას ეწინააღმდეგებოდა.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა, სამი მოსმენით, გასულ კვირაში მიიღო.

დღის ამბები