26 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

"საუბარი შეეხო უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საუბრისას განიხილეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო მზად არის გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა, საერთო ინტერესების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე - არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვს დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა ალი ასადოვს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ღონისძიება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აქტუალურია,"-აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დღის ამბები