26 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
2 000-ზე მეტი დელეგატი 60 ქვეყნიდან - "აბრეშუმის გზის" ფორუმი გრძელდება, სადაც პანელური დისკუსიები მიმდინარეობს

2 000-ზე მეტი დელეგატი 60 ქვეყნიდან - "აბრეშუმის გზის" ფორუმი გრძელდება. ახლა პანელური დისკუსიები მიმდინარეობს, რომელშიც, ბიზნესსექტორთან ერთად, საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობენ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის გარდა, მსჯელობენ ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ციფრული ინოვაციების საკითხებზე - უკვე გაფორმდა პარტნიორული მემორანდუმებიც.

"დიდი პრივილეგიაა თბილისში, საქართველოში ყოფნა. საქართველოს მთავრობას, გასული წლების განმავლობაში, დაუჯერებელი ეკონომიკური მიღწევები აქვს, სწორედ ამიტომაა დღეს აქ ამდენი მთავრობის წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, დღევანდელი ფორუმი შთამბეჭდავია. სერბეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ, ტრადიციულად, კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოს კომპანიები წარმოდგენილი იყოს სერბეთში და სერბული კომპანიები – საქართველოში. ახლა ეს ყველაზე საინტერესო ადგილია ევროპაში", - აცხადებს სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი.

"ვამაყობთ, რომ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის, ეს გააძლიერებს ურთიერთობებს. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 480 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს არის 150-პროცენტიანი ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება კავშირებს განსხვავებულ დონეზე გადაიყვანს. ჩვენ გვსურს, რომ მივაღწიოთ 1.5-მილიარდიან ნიშნულს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და წვდომა სხვადასხვა კონტინენტზე," - აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი. 

 

დღის ამბები