26 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
საოკუპაციო ძალები 2009 წლიდან, მლეთაში პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას, პერიოდულობით ჩნდებიან ტაძრის მიმდებარედ, ამ საკითხზე წლების განმავლობაში ვიბრძვით ჟენევის დისკუსიების ფორმატში - გიორგი საბედაშვილი

"სამწუხაროა ინციდენტია, მაგრამ ეს არის 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგი" - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი ცნობებს მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოკუპანტების გამოჩენას.

მისივე თქმით, არსებობს მცდელობა, რომ მლეთაში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებულ სიახლედ შეიფუთოს საზოგადოების დაშინების მიზნით, თუმცა მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ტერიტორიაზე პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან.

"სამწუხარო ინციდენტია, უბრალოდ აქაც რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქოს მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება განსაკუთრებით ახალი აქტივობები. აქ არ არის საუბარი განსაკუთრებულზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოჩენა საოკუპაციო ხაზზე ეს არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, მაგრამ აქ არის საუბარი სიახლეებზე. ჩვენ, როდესაც მუდმივი, განგრძობადი ოკუპაციის პროცესში ვიმყოფებით, ჩვენ ეს პროცესები უნდა შევაფასოთ მისი დაწყებიდან დღემდე.

რაც შეეხება მლეთას - ისტორია მლეთასთან დაკავშირებით არის შემდეგი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისას წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ, პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით ხდება მათი გამოჩენა უშუალოდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის საკითხი, რაზეც ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება წლების განმავლობაში ვიბრძვით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის მუდმივი ბრძოლის საგანი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მოგეხსენებათ, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავზე საქართველოს მოსახლეობა შარშანაც იმყოფებოდა, შარშანწინაც და იმის წინაც. სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ შარშანაც, იმის წინაც და იმის წინა წლებშიც, ამ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მოდიოდნენ ხოლმე, ჩვენ მუდმივად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათთან, რომ ამ ტერიტორიებზე არ მოხდეს მოქალაქეების დაკავება, ან უკანონოდ დაკავებულები მალევე გათავისუფლდნენ და ა.შ. სამწუხარო ინციდენტია, მაგრამ ეს არის 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგი. ვუსმენდი, ამბობდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის არის ეს ადგილიო და ამ ადგილის დაკავების შემდეგ მოხდება სტრატეგიული გზების და ხეობების კონტროლიო - ძალიან დიდი ბოდიში, 2009 წლიდან პატრულირებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, წელს გახდა ეს სტრატეგიული მნიშვნელობის? ახლა?!- აცხადებს გიორგი საბედაშვილი.

 

დღის ამბები