26 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ოჩამჩირის პორტში, 2009-2011 წლებში განთავსდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ე.წ მესაზღვრეთა ბაზა - გიორგი საბედაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოჩამჩირის პორტში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ე.წ მესაზღვრეთ ბაზა, 2009-2011 წლებში განთავსდა, ამ დროისათვის კი იქ არანაირი ახალი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის, ოჩამჩირის პორტში დიდი გემების შესვლა შეუძლებელია, რადგან პორტის ინფრასტრუქტურა შესაბამისად მოწყობილი არ არის.

"მოგახსენებთ, რა ხდება რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში, მათ შორის, ოჩამჩირის პორტში. ძალიან საინტერესოა ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები და ეს შეფასებები, რომლებიც ისმის სოციალურ ქსელებში თუ სხვადასხვა არხებზე. ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-7 სამხედრო ბაზა. ეს არის საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა და ვინც ერკვევა ამ საკითხში, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც კომენტარებს აკეთებენ ტელევიზიებით და სოციალური ქსელებით, მათ იციან რა მასშტაბებზეა აქ საუბარი. უკრაინაში ომის დაწყებამდე, ეს იყო 4 000 სამხედრო, ეს არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები. განთავსებულია 10-ზე მეტი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ე.წ მესაზღვრეთა ბაზა და მათ შორის, ოჩამჩირის პორტში 2009-2011 წლებში განთავსდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ე.წ მესაზღვრეთა ბაზა. ეს ბაზა იქ უკვე ყაზარმებით არსებობს. მთლიანად ის ინფრასტრუქტურა, რაც მე თქვენ ახლა მოგახსენეთ, განთავსებულია 2009-2011 წლებში. ყველაფერი დანარჩენი ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის მიმართულებით, ამ ბაზებს მიღმა, პატარა, მცირე მასშტაბის, რომლებიც ჩვენთვის ასევე ძალიან მტკივნეულია და ასევე საგანგაშოა, მაგრამ ეს ყველაფერი არის მერე გაკეთებული. სწორედ ის საფრთხეები, რომლებზეც დღეს საუბრობენ 2009-2011 წლებში იქნა რეალიზებული. ოკუპაცია მოხდა 2008 წლის ომის შემდეგ და ამ ბაზების აბსოლუტური უმრავლესობა, მე ვგულისხმობ ყველა მათგანს, იქნა განთავსებული სწორედ ამ პერიოდში.

მე შეგნებულად არ გავაკეთებ კომენტარს დე ფაქტო ლიდერების განცხადებაზე. მე მოგახსენებთ, რომ ახლა საუბარია ე.წ შეთანხმებაზე, რომელიც ამ წუთას რეალობაში არ ხორციელდება და რაც თქვა, სუს-ის უფროსმა, სწორედ ეს არის ამ მომენტისთვის, იქ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ჩვენთვის ცნობილია იქ მიმდინარე პროცესები იმაზე კარგად, ვიდრე ბევრს ჰქონია, მაგრამ რეალურად, ჩვენ სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას და ამ წუთას, იქ არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ის პორტი არის პატარა, იმ შესაძლებლობებს ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რაც შეიძლება საჭირო იყოს იმისთვის, რომ საოკუპაციო ძალების ფრეგატები და დიდი გემები განთავსდეს.

ამ მომენტისთვის, როგორც მოგახსენეთ, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კატარღები იქ დგას, მაგრამ ნოვოროსისკის და ყირიმის პორტების ჩანაცვლება რომ მოხდეს, ამ მომენტისთვის ეს შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. რა თქმა უნდა, პერიმეტრზე შეიძლება გამოჩნდეს ცალკეული გემი, მაგრამ ეს ტერიტორია ოკუპირებულია. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს რეაქციაზე და ზოგადად, ჩვენს შესაძლებლობაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვახორციელოთ გარკვეული აქტივობები, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მთავარი - ეს ტერიტორია ოკუპირებულია, ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია აქ არ ვრცელდება. ამიტომ, ამ რაღაცების სრულად გამორიცხვა, პრაქტიკულად შეუძლებელია", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა.

დღის ამბები