26 ნოემბერი 2024,   01:21
ვრცლად
ნიკა მელიასთვის დამარცხების ფორმულა "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალური მმართველობაა - როდის დატოვებს მელია პარტიას

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარისთვის, დამარცხების ფორმულა არაფორმალური მმართველობაა. ნიკა მელია პარტიიდან მიდის და ამბობს, რომ მერაბიშვილ - კეზერაშვილის გავლენების ქვეშ ბრძოლას აღარ აპირებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა ლიდერმა, ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა, პოლიტიკური გაყრის გასაფორმებლად, ოპტიმალურ დროს ელოდება.

მოქმედმა, ყოფილს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ მისი წასვლის წინააღმდეგი არ არის. ლევან ხაბეიშვილი, დღეს მედიასთან აღარ გამოჩენილა, მოქმედი მენეჯმენტის წევრები კი ფიქრობენ, რომ მელია ამბიციებს აჰყვა, მარცხს ვერ ეგუება და მისი პოლიტიკური განულება გარდაუვალი იქნება.

მელიას ფლანგი დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მარცხი გარდაუვალი იქნება, თუ პარტია არაფორმალური მმართველების დირექტივებს დაემორჩილება. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები ამბობენ, რომ სწორედ მერაბიშვილ-კეზერაშვილის გავლენებმა გაყო გუნდი ორ ბანაკად, პარტიას კი ამომრჩეველი დააკარგვინა.

არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი, შეურაცხმყოფელია, ლევან ხაბეიშვილთან ალიანსში მყოფი გიორგი ვაშაძის გუნდისთვის. მელიას, "სტრატეგია აღმაშენებელში" ურჩევენ, სიცრუის ტირაჟირების ნაცვლად, მთავარ ამოცანაზე- არჩევნებში ოპოზიციის უპირატესობის მოპოვებაზე კონცენტრირდეს.

"ქართული ოცნებისთვის", მელია - ხაბეიშვილის დაპირისპირებამ აქტუალობა დიდი ხანია დაკარგა, თუმცა მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ყოფილი თავმჯდომარისთვის პარტიის დატოვება, უკვე, თავმოყვარეობის საკითხია. უმრავლესობის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია, და ნებისმიერი ახალი კონფიგურაციის შემთხვევაშიც კი, წარუმატებლობა გარდაუვალი.


ნიკა მელია, პარტიიდან წასვლის განაცხადს, მხარდამჭერებთან რეგიონული შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთებს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, კონსულტაციები ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და კახეთში აქვს დაგეგმილი.

 

დღის ამბები