26 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
აღიარება ოპოზიციიდან - ვინ უშლის ხელს საქართველოდან, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ოპოზიციაში დღეს პირველად აღიარეს, რომ კოლეგების ნაწილი კანდიდატის სტატუსის ფარულ საბოტაჟს ეწევა. ხათუნა სამნიძე, რომელიც ევროსტრუქტურების ხშირი სტუმარია ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ამ გეგმაზე ინფორმაცია თავად ევროპელი პარტნიორებისგან მიიღო. "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატმა დღეს პერსონები არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ ეროვნული ინტერესების მტრობის მიღმა, სავარაუდოდ, პარტიული ინტერესები დგას.

პერსონები და პოლიტიკური პარტიები, სამნიძისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დაასახელა. ნიკა გვარამია, "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" - ეს იმ პოლიტიკურ აქტორთა სიაა, ვინც ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს "ოცნების" ხელისუფლების გაძლიერებად მიიჩნევს და პარტნიორებისგან მის შეფერხებას მოითხოვს. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის მიზანი უცვლელია - ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობა.

კანდიდატის სტატუსის პირდაპირ საბოტაჟში ხელისუფლების გარდა "ნაცმოძრაობა" გახარიას პარტიამაც დაადანაშაულა. "საქართველოსთვის" წევრები, ყოფილ სახელისუფლებო ძალას ევროინტეგრაციის მთავარ წინაღობად მიიჩნევენ. პარტიის თავმჯდომარეს ბრალდებებზე პასუხი კამერებთან არ გაუცია. "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი კოლეგებისგან ინფორმაციის წყაროს დასახელებას ითხოვენ.

ბრალდებებს თავის მართლებით პასუხობდნენ დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებიც. ფარულ მოლაპარაკებებს უარყოფდნენ "ლელოშიც" და ამტკიცებდნენ, რომ სტატუსს მათი სახით დიდი გულშემატკივარი ჰყავს.

ხათუნა სამნიძეს და ხატია დეკანოიძეს დღეს კონკრეტული პირების დასახელება მოსთხოვა სტრასბურგიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა ნიკა გვარამიამ. მთავარი არხის დამფუძნებელმა დღეს "კურიერის" ზარებს არ უპასუხა თუმცა, სამნიძეს და დეკანოიძეს სოციალურ ქსელში ორჯერ გამოეხმაურა. ჯერ პოლიტიკური გამოცდილება დაუწუნა, შემდეგ კი "ოცნების" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ბრალდების მიუხედავად, ხატია დეკანოიძეს პოზიცია არ შეუცვლია.

ოპოზიციის ნაწილის აღიარებამ, "ხალხის ძალას" 2021-22-ი წლების მოვლენები გაახსენა. მოძრაობამ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა, სადაც აქცენტი ევროკავშირის მიერ შექმნილ იმ სპეციალურ კრიზისზეა გაკეთებული, რომელიც "ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, ოპოზიციამ ვერ გამოიყენა. წარსულის დეტალურად გახსენება დღეს ბოკერიამ არ ისურვა, თუმცა დღესაც თქვა ის, რომ სტატუსი ხელისუფლების ცვლილების გარეშე არაფერს ნიშნავს.

კანდიდატის სტატუსის მოწინააღმდეგეებზე ინფორმაციას დიდი ხანია ფლობენ მმართველ გუნდში. ოპონენტების აღიარება, მათი თქმით, ღალატის პირდაპირი მტკიცებულებაა, რაზეც ხელისუფლება უკვე დიდი ხანია საუბრობს.

ევროპული საბჭო 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ პირველად ანგარიშს 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიამ დეკემბერში უნდა მიიღოს.

დღის ამბები