26 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ოპოზიციის არაერთგვაროვანი გზავნილები ჩვენი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს - ხატია დეკანოიძე

ვინ უშლის ხელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ოპოზიციაში სტატუსის მიღების მოწინააღმდეგეთა არსებობის შესახებ ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ალაპარაკდნენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შესაბამისი გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის უნდა გადავადდეს.

კონკრეტული პირების დასახელებას ოპოზიციონერები ერიდებიან, თუმცა ამბობენ, რომ, მსგავსი ქმედებით, ისინი ქვეყნის მომავალს საბოტაჟს უწყობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ, სტატუსთან დაკავშირებით, ეს იყო იმის აღიარება, რაზეც უმრავლესობის წევრები მუდმივად საუბრობდნენ. „ქართული ოცნება“ კონკრეტულ ძალებს ასახელებს.

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა სამნიძესა და დეკანოიძეს დღეს პოლიტიკური სიმწიფე დაუწუნა. მან, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა. ნიკა გვარამია წერს, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რასაც ხალხისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"დაიწყო „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავისზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და „ოცნების“ პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი.

არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ, რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ, რომ „ოცნება“ გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის "მაინც" და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე ჰკიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.

საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებთ, მოგვცემენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დანგრეულია და ევრორეკომენდაციების 2/3 შეგნებულად არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად უარესდება, ვერავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში ვერ იარსებებს: ვერც სოციოლოგია, ვერც ქართული პოლიფონია, ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც სალომე ზურაბიშვილის ტურნეები," - წერს ნიკა გვარამია.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს; ხატია დეკანოიძე ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი მიზანია ქვეყანას შეუნარჩუნდეს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და შანსი.

"განსხვავებები მოსაზრებებში არის სრულიად ბუნებრივი და არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის, როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ მე არასწორი ვარ ან მე მიმაჩნია, რომ ის არის არასწორი. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს წისქვილზე ვასხამ წყალს. რაც ჩვენი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს და იწვევდა, და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიზიარეს ინფორმაცია, ეს არის არაერთგვაროვანი გზავნილები. ერთგვაროვანი გზავნილი, როგორიც ქართველმა ხალხმა გაუშვა მარტში და შარშანაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ასევე ოპოზიციიდან," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ლელოში" კი ამბობენ, რომ ისინი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ არასდროს წასულან.

"სამნიძე და დეკანოიძე ვის გულისხმობენ, ეს თავად უნდა თქვან ღიად და ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ღიაობა არის მნიშვნელოვანი და უნდა დაასახელონ კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ასეთები არსებობენ და რეალურად აქვთ მათ ინფორმაცია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მხარს არ უჭერს ან ზურგს უკან შეიძლება მუშაობდეს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. «ლელოს», ამ მიმართულებით, აქვს ძალიან კრიტიკული მოსაზრება. საქართველოს სახელმწიფო და მოსახლეობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მთავარი მოლოდინი არის უკვე ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნაზე," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები