26 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
ქალი, რომლის საცხოვრებელ სახლშიც აფეთქება მოხდა, დღეს კლინიკაში გარდაიცვალა - რამდენად მდგრადი და უსაფრთხოა კორპუსი საცხოვრებლად, ადგილობრივები დასკვნას ელოდებიან

50 წლის ქალი, რომლის საცხოვრებელ სახლშიც აფეთქება მოხდა, დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მეორე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. ისინი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობენ.

ვაზისუბნის პირველ მიკრო-რაიონში აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. ცხრასართულიანი კორპუსის მეორე სართულზე გაზის გაჟონვა, ერთი-ერთი ვერსიით, წყლის გამაცხელებლიდან მოხდა. აფეთქებას კი, ძლიერი ხანძარი და ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, სრულად განადგურდა პირველი და მესამე სართულები.

აფეთქებული კორპუსიდან საჭირო გახდა 29 ოჯახის ევაკუაცია. 17 მოსახლე ადგილობრივმა გამგეობამ, დროებით, სასტუმროში მოათავსა. რამდენად მდგრადი და უსაფრთხოა კორპუსი საცხოვრებლად - ადგილობრივები მუნიციპალური ლაბორატორიისგან დასკვნას ელოდებიან.

რა გახდა ვაზისუბანში კორპუსის აფეთქების მიზეზი - გამოძიება დაადგენს. მანამდე, შემთხვევის ადგილზე მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ და ტერიტორიას ასუფთავებენ.

დღის ამბები