26 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
"პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში" - რა საფრთხეს ხედავს მმართველი გუნდი ებერტის ფონდისა და "ინდიგოს" დაანონსებულ ღონისძიებაში

"პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში" - ამ სახელწოდებით ატარებს ფრიდრიხ ებერტის ფონდი და გამოცემა "ინდიგო" ღონისძიებას, რომლის მიზანიც, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის, შემაშფოთებელი და საგანგაშოა.

ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და "ინდიგოს" ერთობლივი პროექტის რელიზის თანახმად, ორგანიზაციები პროტესტის გამოხატვის ფორმებზე, წინააღმდეგობის გაწევის გზებსა და მობილიზაციის ხერხებზე "ინდიგოს" მორიგი გამოცემის პრეზენტაციაზე იმსჯელებენ. ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ძალაუფლებასთან დაპირისპირება და მასთან გამკლავებაა. ებერტის ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა "კურიერთან" დაადასტურა, რომ პროექტი ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

დისკუსიის შინაარსთან დაკავშირებით, მოგვიანებით წერილობითი განმარტება "კურიერს" თავად ებერტის ფონდმაც მიაწოდა. დისკუსიის მიზნებსა და შინაარსზე დეტალების გარკვევა პროექტის კიდევ ერთ ორგანიზატორთან - გამოცემა "ინდიგოსთანაც" ვცადეთ. ოფისში არავინ დაგვხვდა თუმცა, მოგვიანებით, ჩვენს შეკითხვებს აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა. ნატა ძველიშვილის განმარტებით, გამოცემის 52-ე ნომერი და განხილვა მე-20-21-ე საუკუნეებში, პროტესტების მიზეზებსა და მის შედეგებს ეხება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, პროტესტის გამოხატვის ფორმებსა და გზებზე მსჯელობაში კი, უჩვეულოს ვერაფერს ხედავენ.

დიდი რევოლუციური გეგმის ნაწილი - ასე აფასებენ უმრავლესობის წევრები წინააღმდეგობის გაწევის ხერხებსა და გზებზე ჩატარებულ და დაგეგმილ დისკუსიებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ფრიდრიხ ებერტისა და "ინდიგოს" ერთობლივი პროექტი რევოლუციის სცენარისა და "კანვასის" ტრენინგების გაგრძელებაა.

ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უსაფრთხოების სამსახურმა, ფარული ჩანაწერების მთავარი ფიგურანტები - "კანვასის" სერბი ლიდერები და "კანვას საქართველოს" ხელმძღვანელები უკვე გამოჰკითხა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციები ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილი რევოლუციური პროცესებისთვის ახალგაზრდების გადამზადებას ახდენდნენ.

დღის ამბები