26 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" ბორდის შექმნის თემა არ დახურულა - ვისი გვარები სახელდება პარტიის ახალ მმართველობით ორგანოში

გიორგი ბარამიძემ, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, დაადასტურა, რომ ე.წ. ბორდის იდეა კვლავ ძალაშია. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა, თუმცა მმართველი საბჭოს შექმნაზე, რაც, "კურიერის" ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის ახალი იდეაა, ვრცლად ისაუბრა. ახალი ბორდი ლევან ხაბეიშვილისთვის ფუნქციების ფაქტობრივ ჩამორთმევას გულისხმობს. საბჭოს თავმჯდომარედ ნიკა გვარამია სახელდებოდა, რომელმაც ეს ფაქტი "კურიერთან" უარყო. მიუხედავად ამისა, "ნაციონალურ მოძრაობაში" მის მისვლას მაინც ელოდებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალ ბორდზე დუმს სანდრა რულოვსი, კობა ნაყოფია კი, რომელიც ასევე სახელდება საბჭოს წევრობის კანდიდატად და მელია-ხაბეიშვილის შერიგების მთავარ მედიატორად, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.

ვისგანაც არ უნდა გაჟღერდეს, ბორდის იდეა მიუღებელია ნიკა მელიას ფლანგისთვის. ისინი კვლავ ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობენ და მოქმედ მენეჯმენტს პატიმარი მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირებაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მელიას დემარში სააკაშვილის დახსნის მოტივით, მოუწყვეს. თუმცა ექს-პრეზიდენტი კვლავ პატიმრობაში რჩება.

ახალი მენეჯმენტი დღეს კრიტიკის ობიექტი პარტიიდან უკვე ყოფილი წევრების მხრიდანაც გახდა. თავმჯდომარის ცვლილებას ხატია დეკანოიძემ ჯერ კიდევ გუშინ უწოდა გადატრიალება და თქვა, რომ პოსტრევოლუციურ ეპოქაში "ნაცმოძრაობა" ვეღარ გაერთიანდება. დეკანოიძემ ყოფილ თანაპარტიელ ანა წითლიძეს მუქარისგან თავშეკავებაც ურჩია. თქვა, რომ მოსმენა და ფარული ინფორმაციით შანტაჟი "ნაცმოძრაობის" მარცხის წინაპირობად, ერთხელ უკვე იქცა.

დეკანოიძესა და მელიას ერთ სიბრტყეში განიხილავს თავად წითლიძე. მან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრსა და ყოფილ თავმჯდომარეს დღეს პოლიტიკური მეხსიერება დაუწუნა, ხატია დეკანოიძის წასვლას კი პოლიტიკური ვაჭრობის შედეგი უწოდა.

შეძლებს თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ახალი პოლიტიკური სვლის გაკეთებას, უცნობია. პარტიის მოქმედი მენეჯმენტი, ე.წ. ბორდის იდეასთან დაკავშირებით, დუმს, მელია კი "ნაციონალური მოძრაობიდან" წასასვლელად უკვე დაუფარავად ემზადება.

დღის ამბები