26 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის დეტალურად გააცნო საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის გადადგა - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის, რომელთანაც შედგა ძალიან სიღრმისეული განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო ევროკომისარს ჩვენი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ გასწია ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმისთვის, რომ 12 პრიორიტეტი შესრულებულიყო.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება და წარმოდგენილი იქნება ანგარიშში, რომელსაც ჩვენ ველოდებით ევროკომისიის მხრიდან. ეს იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი იმისთვის, რომ უკვე ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და რომელსაც დიდი ინტერესით ელოდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება,"– განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.

დღის ამბები