26 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრი ქალების შეხვედრა დასრულდა - რა იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წევრ ქალებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივა იყო. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავარი თემა ევროინტეგრაციის პროცესი იყო.

"რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მან პრეზიდენტს მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებაც დაუსვა კითხვა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ დღეს საუბრის თემა ეს საკითხი არ უნდა ყოფილიყო.

"ძირითადი თემა იყო ევროპული სტატუსი, ბუნებრივია და ასევე, მიმდინარე პროცესები - იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს "ქართული ოცნების" მხრიდან მუქარები. მე მას ვკითხე პირადად საზოგადოებასა და მათ შორის, მედიაში ძალიან გავრცელებული აზრი, რას აპირებს პოლიტიკური თვალსაზრისით, ანუ, რაღაც პლატფორმის შექმნის შესახებ და შევთანხმდით, რომ ეს კი, ინტერესის სფეროა, თუმცა დღეს არ არის მთავარი თემა,"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, შეხვედრაზე ერთობლივად შეთანხმდნენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

"იგი არის ძალიან კონკრეტულად ჩამოყალიბებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს მისი პოზიცია იყო და, ასევე, თითოეული ჩვენგანის პოზიცია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტს აქვს კონკრეტული ხედვა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოებას მალე გააცნობს.

"პრეზიდენტს აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ კომბინირებულად მოხდეს მოქმედება იმისთვის, რომ შეუსრულებელი პირობების მიუხედავად ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მას საკუთარი ხედვაც აქვს ამ თვალსაზრისით რა უნდა გაკეთდეს და ამას თავად გააცნობს საზოგადოებას," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები