26 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
პრეზიდენტი ამ წუთებში ოპოზიციის წევრ ქალებს ხვდება - რა იქნება შეხვედრის მთავარი თემა და რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციონერ დეპუტატებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ოპოზიციის წევრ ქალებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივა იყო. შეხვედრის მონაწილეები კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მთავარი თემა ევროინტეგრაციის პროცესია.

"ჩვენ წინასწარ არ ვიცით რა თემებზეა საუბარი, მაგრამ როგორც აქამდე არაერთხელ ასეთი შეხვედრების დროს ხდებოდა, მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, იმასაც მოვისმენთ, რა გეგმები აქვს პრეზიდენტს სწორედ სტატუსის მინიჭების პროცესში მის როლთან დაკავშირებით და ჩვენც გავუზიარებთ როგორ ვხედავთ ჩვენს როლს ჩვენი მანდატის ფარგლებში," - აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

"ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილსაც აქვს მოლოდინი, რომ საუბრის მთავარი თემა სწორედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია იქნება.

"პრეზიდენტის ინიციატივით არის და, ცხადია, მოლოდინი მაქვს, რომ მთავარი განსახილველი თემა იქნება ის, რაც ყველა წინა შეხვედრის დროს, ეს არის ევროინტეგრაცია, რას გეგმავს პრეზიდენტი და რა შეიძლება გაკეთდეს და ჩვენ რა სამუშაო გვაქვს დარჩენილ კრიტიკულ მომენტში,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

იგივე განწყობები აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანა წითლიძესაც.

"მთავარი თემა ყოველთვის არის ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი. ამიტომაც, დღესაც მთავარი თემა იქნება ეს - რა უნდა გავაკეთოთ ყველამ იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი,"- აცხადებს ანა წითლიძე.

დღის ამბები