26 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
"ჰამასი" 50 მძევლის გათავისუფლებას, ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე გეგმავს - "კურიერი" ისრაელიდან

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მე-17 დღე. მხოლოდ ბოლო 24 საათში, ისრაელის მხრიდან, ღაზის სექტორზე მიტანილია 300-ზე მეტი სარაკეტო იერიში, ამავდროულად, ანკლავში დღეს უკვე ჰუმანიტარული დახმარების მესამე ეშელონი შევიდა, რომელიც 14 სატვირთო მანქანისგან შედგებოდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ომამდე, იქ დღეში 300 სატვირთო შედიოდა.

გაეროს ინფორმაციით, ღაზაში ინფექციურმა დაავადებებმა იფეთქა, ამის მიზეზი კი მკვეთრად გაუარესებული სანიტარული პირობები და დაბინძურებული წყალია.

პარალელურად, ღაზაში მიმდინარეობს "ცახალის" ლოკალური და წერტილოვანი სპეცოპერაციები, რომლის მთავარი მიზანი, მძევლების ადგილსამყოფლის დადგენა და ტერორისტული ბუდეების ლიკვიდაციაა. ისრაელი კვირაზე მეტია ითხოვს მოსახლეობის ჩრდილოეთ ღაზიდან სამხრეთში გადანაცვლებას, თუმცა ათასობით ადამიანი კვლავაც რჩება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ყოველ დღე ასობით რაკეტით იბომბება.

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის მიხეილ ხეცოიძის ინფორმაციით, რომაც უახლეს ინფორმაციას ისრაელიდან გვაწვდის, დღეს, ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე, ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი 50 მოქალაქის გათავისუფლება იგეგმება, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

"დაახლოებით ნახევარი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუამავალი კატარის მეშვეობით, ამაღამ, ღამის 12 საათზე გათავისუფლდება 50 ტყვედ ჩავარდნილი ადამიანი და აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მათგანი არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იმ ზეწოლის შედეგად ხდება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა და დასავლეთი ახორციელებს ტერორისტებზე. აღნიშნული ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობი რჩება გაათავისუფლებენ თუ არა ბავშვები და ქალბატონები, მათი რაოდენობა დაახლოებით 80-ს აღემატება.

ბოლო მონაცემებით, 222 ტყვედ ჩავარდნილი ადამიანია, ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. დღეს ჩემს მიერ შეიარაღებული ძალებისთვის დასმულ კითხვაზე - რა მიზეზით იზრდება დატყვევებული ადამიანების რაოდენობა და ხდება თუ არა ახალი მძევლების აყვანა ტერორისტების მხრიდან - მიპასუხეს, რომ - ეს ადამიანები ომის პირველივე დღეს იყვნენ აყვანილები და ახლა უბრალოდ მათი ზუსტი იდენტიფიკაცია მოახდინა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა და ამ ბოლო მონაცემებით, 222 ტყვედ ჩავარდნილი რჩება ღაზას სექტორში და ისრაელის მხარე ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი არ გაიზრდება", - განაცხადა მიხეილ ხეცოიძემ.

დღის ამბები