26 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ ALDE-სთვის წარდგენილი რეზოლუცია - რა წერია დოკუმენტში, რომელსაც "ქართული ოცნება" ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობად აფასებს

მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმება -ეს ერთ-ერთია იმ ოთხი პირობიდან, რომელიც ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა პარტიამ, საქართველოს, სტატუსის სანაცვლოდ მოთხოვა.

მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა ბრიუსელიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდება, "სტრატეგია აღმაშენებელმა" ბუქარესტში თბილისისთვის წაყენებული ახალი პირობებით ახალი რეზოლუციის ტექსტი ჩაიტანა.

"ქართული ოცნებისთვის" ეს პირდაპირი საბოტაჟია. 12 რეკომენდაციის გარდა, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი, იგივე "ალდე," საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებას და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

ვაშაძის პარტია ირწმუნება, რომ დოკუმენტი კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად მოამზადა, თუმცა ტექსტი ქართველი კოლეგებისთვის ცნობილი არ იყო. ამის მიუხედავად "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივებს პარტია "ლელო" სრულად იზიარებს.

12 რეკომენდაციის შესრულება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვა, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანა და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში" ცვლილებების გაუქმება - ამ შინაარსის რეზოლუციის ინიციატორი "სტრატეგია აღმაშენებელია". სერგო ჩიხლაძის ავტორობით მომზადებული დოკუმენტი "ალდემ" განიხილა და მხარიც დაუჭირა. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მსგავსი შინაარსის რეზოლუციის მომზადება, მმართველი გუნდისთვის, სტატუსის საბოტაჟის ტოლფასია.

საპირისპიროს ამტკიცებს გიორგი ვაშაძის გუნდი, სადაც რეზოლუციის ავტორი ირწმუნება, რომ ამ ფორმით სტატუსის მინიჭების პროცესზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა სურთ.

საქართველოს შესახებ რეზოლუცია, ბუქარესტში, ALDE-ს პარტიების საბჭოს სხდომაზე 21 ოქტომბერს მიიღეს. რეზოლუციის ინიციატორი საქართველოსთან ერთად, ნიდერლანდები და გერმანიაა. სტატუსის მიღების მხარდაჭერის ნაცვლად, "ქართული ოცნება", "სტრატეგია აღმაშენებლის" და მისი თანამოაზრეების ქმედებებში ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობას ხედავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები საკუთარ პოლიტიკურ მომავალს მხოლოდ არეულობასა და დესტაბილიზაციას უკავშირებენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ მომზადებული რეზოლუციის შინაარსს, "ლელოს" წევრებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ სწორედ ასეთი დოკუმენტები გამოხატავს ქართული საზოგადოების სურვილებს. სხვა პარტიებისთვის კი, ვაშაძის გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტი  ევროინტეგრაციის პროცესის არც მხარდამჭერი და არც შემაფერხებელია. "ალდეს" შემადგენლობაში, "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა კიდევ 4 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, მათ შორის, ხათუნა სამნიძეცაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია ვაშაძის პარტიამ ინდივიდუალურად მოამზადა.

სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ამას კი პირველ რიგში, მათ მიერ შესრულებულ საქმიანობას უკავშირებენ. მმართველი ძალაში მიაჩნიათ, რომ მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი პროცესს ხელს ვერ შეუშლის.

მიენიჭება თუ არა საქართველოს სტატუსი, ეს წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, მანამდე კი, ნოემბრის დასაწყისში, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები