26 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
320 აფეთქებული ობიექტი ერთ ღამეში - ისრაელის არმია "ჰამასის" პოზიციებს ანადგურებს და მძევალთა გასათავისუფლებლად ღაზას ტერიტორიაზე რეიდებს ატარებს

320 აფეთქებული ობიექტი ერთ ღამეში - ისრაელის არმია "ჰამასის" პოზიციებს ანადგურებს. "ცახალის" ინფორმაციით, იერიში მიიტანეს ტერორისტული ორგანიზაციის გვირაბების სისტემასა და ოპერატიულ შტაბებზე. დაიბომბა ის სამიზნეებიც, რომლითაც "ჰამასს" ისრაელის სახმელეთო ოპერაციისთვის უნდა გაეწია წინააღმდეგობა. მათ შორის, ნაღმმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ორი ავიაიერიში მიიტანა ისრაელის ავიაციამ "ჰესბოლას" პოზიციებზე ლიბანში. ვითარება ორი ქვეყნის საზღვარზე უკიდურესად დაძაბულია.

ისრაელის მთავრობა დარწმუნებულია, რომ "ჰამასი" 7 ოქტომბერზე გაცილებით მძიმე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავს. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ახალი გარემოებებითაც დასტურდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, "ჰამასის" ტყვეობაში 222 ადამიანი რჩება. ცნობები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება. დაკავებულთა გასათავისუფლებლად "ცახალი" ღაზას ტერიტორიაზე რეიდებს ატარებს. პროცესში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალაა ჩართული.

მძევლების გათავისუფლებას უკვე ორი კვირაა მათი ოჯახის წევრები ელოდებიან.

"ჰამასი" ისევ ისრაელის სამშვიდობო ინფრასტრუქტურას უტევს. აშკელონის, აშდოდის და ბეერ-შევას მისამართით გაშვებული რამდენიმე ათეული რაკეტა "რკინის გუმბათმა" გაანადგურა. შეტევას ავიაიერიშით უპასუხა ისრაელმა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ღაზაში 5100-მდე გაიზარდა. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 16 000 ადამიანმა მიიღო. 5400 დაშავებულ სამოქალაქო პირზე საუბრობს ისრაელი. დაღუპული კი, ბოლო ინფორმაციით, 1400-ია.

დაძაბული ვითარების ფონზე ისრაელში მსოფლიო ლიდერების ვიზიტი არ წყდება. ჯო ბაიდენის და რიში სუნაკის შემდეგ, ქვეყანაში საფრანგეთის და ნიდერლანდების პირველ პირებს ელოდებიან. შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთხელ ღიად აფიქსირებენ ისრაელის მიმართ მხარდაჭერას. თუმცა, აქვე საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ვაშინგტონის კიდევ ერთ მოწოდებაზე, რომელზეც ღიად არ უსაუბრიათ, "ნიუ იორკ თაიმსი" წერს. გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები ისრაელს სახმელეთო ოპერაციის გადადებას - სანაცვლოდ კი მძევლების გათავისუფლებას და პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შექმნას ურჩევს. "ნიუ იორკ თაიმსი" თვლის, რომ დრო სჭირდება ვაშინგტონსაც, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების თავდასხმებისთვის მოემზადოს.

დღის ამბები