26 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
კეზერაშვილის ახალი სტრატეგია ენმ-ში ახალი დაპირისპირების კერებს ქმნის - კვიპროსის შეხვედრების საიდუმლო დეტალები "კურიერი P.S-მა" გაარკვია

დავით კეზერაშვილის ახალი სტრატეგია "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების კერებს ქმნის. კვიპროსის შეხვედრების საიდუმლო დეტალები, "კურიერიP.S.-მა" გაარკვია.

როგორც ირკვევა, ლევან ხაბეიშვილით უკმაყოფილო კეზერაშვილი, "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ ბორდს ქმნის, რომელსაც "კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ უნდა უხელმძღვანელოს. სწორედ გვარამია იქნება მთავარი ფიგურა პარტიაში, რომელიც 2024 წლის საარჩევნო სიის ხელმომწერი იქნება.

"მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებით, მან არ იცის რა ბორდის შექმნაზეა საუბარი, რადგან თავად მსგავს მსჯელობაში მონაწილეობა არ მიუღია და არც აქვს სურვილი რაიმე ბორდის თავმჯდომარე გახდეს.

"არ ვიცი რაზეა ლაპარაკი. შესაბამისად, არავითარ ბორდზე მსჯელობაში მე ჩართული არ ვარ და თავმჯდომარეობაზე ცხადია საუბარი ზედმეტია. არც სურვილი არ გამაჩნია, რომ რაიმე ბორდის თავმჯდომარე ვიყო. ჩემი ამოცანაა, საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხება და ამისთვის სწორი პლატფორმის შერჩევა. ისეთის, სადაც მაქსიმალურად ეფექტური ვიქნები. ამისთვის ვშრომობ, ეს არის ჩემი მისწრაფება. აქამდეც ასე იყო და ახლაც ასეა. რა გადაწყვეტილებას მივიღებ ეს რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი და გაგაგებინებთ", - განაცხადა გვარამიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით კი, წუხს რომ ნიკა მელიას და მისი მხარდამჭერების განცხადებები, ერთი-ერთში ემთხვევა ირაკლი კობახიძის განცხადებებს.

მან ნიკა გვარამიას პოლიტიკაში ჩართვაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გვარამიას "ნაციონალურ მოძრაობაში" და ზოგადად ოპოზიციაში მიესალმებიან.

"ამ მიმართულებით ტალახის სროლა და შეურაცხყოფა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ფართო ჩართულობით [ნიკა მელიას და მისი მხარდამჭერების] მიუღებელია. ვწუხვარ, ძალიან ვღელავ ამ ადამიანის გამო, რომელიც აი ასეთ განცხადებებს აკეთებს და ერთი-ერთში ემთხვევა კობახიძეს.

მივესალმებით თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა გვარამიას? - ცხადია მივესალმებით. მივესალმებით თუ არა ნიკა გვარამიას ოპოზიციაში, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან ბევრს იბრძვის - მივესალმებით. მაგრამ, ცხადია კონკრეტული ადამიანები საკუთარი მომავლის შესახებ თავად იღებენ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს წითელი ხაზი კეზერაშვილ-მერაბიშვილი, მაგრამ საჭიროა მოსახლეობის განწყობების გაზიარება, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა.

"რეალურად, ის, რომ რაიმე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება ან პოლიტიკის წარმართვის უფლება მიეცემა ამ ბორდს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ფუნქცია ექნება ნულოვანი. შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს წითელი ხაზი კეზერაშვილ-მერაბიშვილი, მაგრამ გაიარეთ თბილისში, გაიარეთ საქართველოში, ამ განწყობებს ვერავინ ვერ გაექცევა და თუ რეალურად პოლიტიკის კეთება გვინდა, ჩვენ ცოტა ყურს უნდა ვუგდებდეთ ჩვენივე მოსახლეობას", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

დღის ამბები