"ლელო" შოვის საქმეზე გამოძიების შედეგების და თერმული დრონების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს - ამის შესახებ პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. როგორც "ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია იმის გამოკვეთაც, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ რაჭაში არ არსებობდა ადრეული გაფრთხილების სისტემა.
"ლელო" მოითხოვს და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს გამოძიების მიმდინარეობის შედეგები და ეცნობოს საზოგადოებას, გასაჯაროვდეს თერმული დრონის ჩანაწერები, გასაჯაროვდეს ტრაგედიის პირველივე ღამის პირველივე წამებიდან,"- განაცხადა ლევან სამუშიამ.
"ქართულ ოცნებაში" საპასუხო კომენტარი უკვე გაკეთდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ტრაგედიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას განაგრძობს, არსებულ კითხვებს კი შესაბამისმა უწყებებმა პასუხები უკვე გასცეს.
"ადამიანების ტრაგედიის და მისი შინაარსის გამოყენება ხდება საკუთარი მდარე პოლიტიკური მიზნებისთვის. საქართველოს პარლამენტში ბრძანდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო გაცემული პასუხი შოვთან დაკავშირებით არსებულ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე. იყო სრულყოფილი პასუხები და საზოგადოებამ კარგად იხილა, თუ რომელ მხარეს იყო და არის სრული დესტრუქცია, მანიპულირება ჩვენი საზოგადოების ტკივილით. ხდება ამ ყველაფრის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რაც არის უმძიმესი და ამორალური ფაქტი,"- განიცხადა "ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა.