ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შემდეგ, ისრაელში უკვე საფრანგეთისა და ნიდერლანდების პირველ პირებს ელოდებიან. გავრცელდა აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ერთობლივი განცხადება.
ონლაინფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ისა და ევროპის ექვსი სახელმწიფოს პირველმა პირებმა ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. აღინიშნა ქვეყნის თავდაცვის უფლება, თუმცა აქვე, ქვეყნები თელ-ავივს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებენ.
პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ საუბრობს ლოიდ ოსტინი. პენტაგონის ხელმძღვანელი ამის მიზეზად ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმების მცდელობას ასახელებს, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების მხრიდან განხორციელდა.