ისრაელი არმიის დაქვემდებარებაში მყოფი ტანკიდან, შემთხვევითი გასროლის შედეგად, ეგვიპტის სასაზღვრო პუნქტის 7 წარმომადგენელი დაშავდა - ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ღაზას სექტორში რიგით მეორე კოლონა, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კიდევ 14 მანქანა შედიოდა. თელ-ავივმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა. დაწყებულია გამოძიება. ჰუმანიტარული დახმარება ტერიტორიაზე ისრაელის თავდაცვის ძალების ინტენსიური იერიშის ფონზე შედის.
გარდა ამისა, ავიაციამ შეუტია ლიბანში არსებულ "ჰეზბოლას" ორ ობიექტს, საიდანაც, თელ-ავივის მტკიცებით, ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება იგეგმებოდა. ცახალი ასევე ამბობს, რომ მათ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, მეჩეთზე იერიშით "გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს".
ბოლო მონაცემებით, ომის მე-17 დღეს ღაზაში 4 600-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული, ისრაელს 1400 გარდაცვლილი ჰყავს.