საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ, ბოლო 15 დღის განმავლობაში, ისრაელიდან საქართველოში, 15 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა.
ლაშა ჟვანიას თქმით, ამ ეტაპზე, "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს აღარ ასრულებს, თუმცა ავიაკომპანიამ რეისები დაამატა ლარნაკადან თბილისისკენ, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებზე კი ისრაელის სამი ავიაკომპანია მუშაობს.
ელჩი, ამ ეტაპზე, უარყოფს თელ-ავივის აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანიის მხრიდან ისრაელში ფრენების შეწყვეტის მიზეზი საომარი მოქმედებების გამო თვითმფრინავების დაზღვევის შეჩერება გახდა.
"მსურველებს შეუძლიათ, ლარნაკის ტრანზიტი გამოიყენონ და საქართველოში კვიპროსიდან გაფრინდნენ, თუმცა, ამის საჭიროება, მგონია, რომ არ არის, რადგან ისრაელის სამი ავიაკომპანია - "ელალი," "ისრეარი" და "აირკი" ახორციელებენ ყოველდღიურად რეისებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. დღეისთვის, აეროპორტის დაკეტვის საფრთხე არ არსებობს," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი