26 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
"ჰამასის" ტყვეობაში, ამ დროის მონაცემებით, 212 ადამიანი იმყოფება - "კურიერი P.S.-ის" პირდაპირი ჩართვა ისრაელიდან

ისრაელში ომის მე-16 დღე წინა დღეებთან შედარებით მშვიდი იყო – ქვეყნის ცენტრზე და დიდ ქალაქებზე შეტევა მხოლოდ ერთხელ, დილის 9 საათზე განხორციელდა. მთელი დღის განმავლობაში თელ-ავივში სიმშვიდეა.

დღეს გაიხსნა სასწავლო დაწესებულებები და მოსწავლეები სასწავლო რეჟიმს დაუბრუნდნენ.

დაძაბული ვითარებაა საზღვრისპირა რეგიონში – ბოლო რამდენიმე საათში ტერორისტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ისრაელის სამხრეთ ქალაქებზე. ერთ-ერთი მათგანია აშკელონი, ქალაქი, რომელიც 16 დღის განმავლობაში ყველაზე მეტად დაზარალდა. დღეს უკვე მუნიციპალურ დონეზე დაიწყო საუბარი, რომ ამ ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. დაძაბულია ვითარება სამხრეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. თუმცა, მთელი დღის განმალობაში მედიის საშუალებით ცახალი ავრცელებდა ინფორმაციას არა სამხედრო მოქმედებების შესახებ, არამედ იმის შესახებ, რომ ცახალმა დღეს მნიშვნელოვანი ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლო.

ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელში შეჭრილი ტერორისტებიდან 3, ამ დრომდე ისრაელში იმყოფება. დღეს მათ სცადეს ღაზას სექტორში უკან დაბრუნება, 2 ტერორისტი ლიკვიდირებულია, ხოლო 1 - დააკავეს.

ცახალის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ერთად ისრაელის სპეცსამსახურები რკალისებურ დაკითხვას აწარმოებენ ტერორისტებთან, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ, რომელიც ისრაელის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება სპეციალური სახმელეთო სამხედრო ოპერაცია წარმატებით და ნაკლები დანაკარგებით ჩაატარონ.

ისრაელის სამხრეთში, ღაზას სექტორის მახლობლად კვლავ მობილიზებული რჩება შეიარაღებული ძალების დიდი რაოდენობა, რომლებიც ბოლო ბრძანებას ელოდებიან, როდის დაიწყება სპეციალური სამხედრო სახმელეთო ოპერაცია, მოვიანებით გახდება ცნობილი, ისრაელში ამისთვის ყველა მზად არის.

თუ რატომ ჭიანურდება ოპერაციის დაწყება, ექსპერტები რამდენიმე ფაქტორზე საუბრობენ – თუ გუშინდელ დღემდე საუბარი იყო 3 ფაქტორზე: ტერორისტების, მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის საკითხები და საფრთხე, რომელიც ისრაელს ჩრდილოეთიდან ემუქრებოდა, დღეს უკვე მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორი დასახელდა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სპეციალური სამხედრო სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე - თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისრაელი ამერიკის სამხედრო დახმარებას ელოდება. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული ავიამზიდების დაჯგუფება შემოვა, რომელიც ისრაელთან დაზღვევის რეჟიმში იქნება. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური სახმელეთო ოპერაციის პროცესში დაიძაბება ვითარება ჩრდილოეთში არაბულ ქვეყნებთან, ამერიკის სამხედრო დახმარება ისრაელს ზურგიდან დაეხმარება.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ისრაელი ცდილობს ღაზას სექტორიდან განარიდოს მშვიდობიანი მოსახლეობა, რათა ისინი არ დაზარალდნენ. ასევე ვრცელდება ვარაუდი, რომ საფრთხე ისრაელს ლიბანიდან ემუქრება, დღეს ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნული საფრთხე უმნიშვნელოა და ისრაელს შეუძლია ორივე ფრონტზე იბრძოლოს. ასევე, ისრაელში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ სპეციალური სამხედრო სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

დღეის მონაცემებით, მხოლოდ საზღვართან მობილიზებულია დაახლოებით 300 000-ზე მეტი რეზერვისტი. რეზერვისტები საზღვრისპირა რეგიონში რჩებიან.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდის მიიღებს ღაზას სექტორი ჰუმანიტარულ დახმარებას – ტერიტორიაზე პირველი ჰუმანიტარული დახმარება გუშინ შევიდა. გამცემი პუნქტი დაახლოებით ნახევარი საათითი იყო გახსნილი და ღაზას სექტორში დაახლოებით 20 სატვირთო ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ ეს რაოდენობა არ ჰყოფნის იმ კატასტროფას, რომელიც ღაზას სექტორში რჩება. გახდა ცნობილი ასევე, რომ გამშვები პუნქტი დღესაც გაიხსნა რა დროსაც ღაზას სექტორში დამატებითუ ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე შევიდა სატვირთო ცისტერნები, რასაც ისრაელის მხარის პროტესტი მოჰყვა, ვინაიდან ისრაელი ეწინააღმდეგება ყველა სახის საწვავის შეტანას ღაზას სექტორში.

ბოლო ინფორმაციით კი, ისრაელის, ეგვიპტის და ღაზას სექტორის საზღვართან მოხდა აფეთქება. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ისრაელის მხრიდან შეცდომითი გასროლა იყო, შეცდომითი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, რომელიც რაფათის საზღვართან ახლოს აფეთქდა. ამჟამად, პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ისრაელი კვლავ მოუწოდებს მშვიდობიან პალესტინელებს, რომ მათ დატოვონ ანკლავის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი და სამხრეთ ნაწილში გადავიდნენ. ღაზას სექტორის სამხრეთით, ეგვიპტის მახლობლად გაშლილია კარვების ქალაქი და მილიონზე მეტი პალესტინელი ამ კარვებში ცხოვრობს. ისრაელმა განაცხადა, რომ ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას დაუშვებს, თუმცა უნდა მოხდეს ტყვეთა გათავისუფლება.

რაც შეეხება ტყვედ ჩავარდნილი ადამიანების რიცხვს, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ 2 ამერიკელი მოქალაქე გათავისუფლდა, ისრაელში იყო მოლოდინი, რომ დანარჩენი ტყვეებიც გათავისუფლდებოდნენ, თუმცა ტყვეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება - გუშინ 208 იყო, სულ ბოლო ინფორმაციით კი 212-ია. ასევე, იზრდება დაშავებულთა რიცხვი, რომლებიც უშუალოდ საზღვრისპირა რეგიონში ცხოვრობენ.

ავტორი: მიშა ხეცოიძე

დღის ამბები