ებრაელებისა და პალესტინელების კონფლიქტი საკმაოდ რთული და მრავალმხრივია. პოლიტიკურ დაპირისპირებას თან მუდმივად გასდევს რელიგიური ასპექტიც. მთავარი კი, რასაც ეს ორი მხარე ვერ იყოფს, იერუსალიმია, ქალაქი, რომელიც სამი რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის წმინდა ადგილად მიიჩნევა.
პალესტინელებს სურთ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი, სადაც მუსლიმების, ებრაელებისა და ქრისტიანების წმინდა ადგილები მდებარეობს, მათი დედაქალაქი გახდეს. ისრაელი კი აცხადებს, რომ იერუსალიმი უნდა დარჩეს მის განუყოფელ და მარადიულ დედაქალაქად.
იერუსალიმის ფართობი 125 კვადრატული კილომეტრია. მთავარი კი ძველი ქალაქია. მას გარს გალავანი აკრავს და სწორედ აქ არის თავმოყრილი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ძეგლები: იუდეველებისთვის – მორიას მთა და გოდების კედელი, მუსლიმებისთვის – კლდის გუმბათი და ალ-აქსას მეჩეთი. ქრისტიანებისთვის – მაცხოვრის აღდგომის ტაძარი.
მორიას მთა - ეს წმინდა მთა იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარეობს და რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული. მას ტაძრების მთასაც უწოდებენ. სწორედ აქ არის ის მთავარი სალოცავები, რომლებიც ისრაელ-პალესტინას შორის გამუდმებით დავის საგანია.
ტაძრების მთაზეა მსოფლიოში უძველესი მეჩეთი - "კლდის გუმბათი." ის ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ძეგლია, რომელიც მეშვიდე საუკუნით თარიღდება. პალესტინელებისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ ადგილას ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ებრაული ტაძარი იდგა, რომელიც 2-ჯერ გადაწვეს და დაანგრიეს, ამიტომ მორწმუნე ებრაელებს სურთ, რომ ეს ადგილი ისევ ებრაულ ტაძარს დაეთმოს.
ძველი ტაძრის დანგრევით გამოწვეულ მწუხარებას ებრაელები გოდების კედელთან გამოხატავენ. თქმულების თანახმად ნგრევას და ხანძარს ერთადერთი, დასავლეთის კედელი გადაურჩა, რომელსაც მოგვიანებით "გოდების კედელი“ ეწოდა. აქ ქალები და კაცები ცალ-ცალკე ლოცულობენ. ყოველწლიურად მას რვა მილიონზე მეტი მომლოცველი სტუმრობს.
მორიას მთაზე კლდის გუმბათთან ერთად, მეორე მუსლიმური სალოცავი ალ-აქსას მეჩეთიც დგას, რომელიც ებრაული ტაძრის გალავნის ნანგრევებზეა აშენებული. მუსლიმებისთვის ეს ტაძარი მექისა და მედინის შემდეგ ისლამის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. მუსლიმები მთელ კომპლექსს ალ-აქსას მეჩეთად მიიჩნევენ, ებრაელებს და სხვა არა მუსლიმებს უფლება აქვთ მოინახულონ კომპლექსი გარკვეულ საათებში, მაგრამ მათ აქ ლოცვა ეკრძალებათ. ალ-აქსა პალესტინასა და ისრაელს შორის მძიმე კონფლიქტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. ორივე მხარეს სურს, რომ მეჩეთი მათი კონტროლის ქვეშ იყოს.
იერუსალიმი ორი ერის დედაქალაქი და სამი რელიგიის ტაძარია. სწორედ წმინდა ქალაქია ადგილი, რომელშიც ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საიდუმლო იმალება.