8-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, - ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის რიშონ ლეციონში, ხოლონსა და ბათ-იამში ისმის. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. არმიის გენშტაბის მეთაურმა დაადასტურა, რომ "ჰამასის" განადგურების ოპერაციას ისრაელი უახლოეს პერიოდში დაიწყებს. არმიის პრესსპიკერმა კი ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მოსახლეობას, სამხრეთში ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ისრაელს მუქარას უთვლის "ჰამასი" და ამბობს, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ღაზა ისრაელელთა სასაფლაოდ გადაიქცევა.
"თქვენივე უსაფრთხოებისთვის მოგიწოდებთ გადაადგილდით სამხრეთისაკენ, ჩვენ გავაგრძელებთ შეტევას ღაზას ქალაქის ტერიტორიაზე და გავზრდით ოპერაციების რაოდენობას. ყოველი შენობა, რომელიც ღაზაში ინგრევა, არის ობიექტი, საიდანაც ჰამასი მოქმედებს ტერორისტული მიზნებისთვის. ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რათა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გავანადგუროთ. მაგალითად, დღეს ჩვენ გავანადგურეთ შენობა სადაც ჰამასის ერთ-ერთ ლიდერს ჰქონდა შტაბი მოწყობილი და ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების პროცესს მართავდა. აღსანიშნავია, რომ ეს შენობა ხან იუნისში საავადმყოფოდან 500 მეტრში იდგა. ჰამასი შეგნებულად ირჩევს ასეთ ადგილებს რათა, ჩვენს მიერ საავადმყოფოს მახლობლად განხორციელებული შეტევა შემდეგ მსოფლიოს წინაშე სხვა ფორმით წარმოჩინდეს," - ამბობს ისრაელის სამხედრო სპიკერი, დანიელ ჰაგარი.