26 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი ხალხი „ჰამასის“ ტერორისგან - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი ხალხი ამ ტერორისგან, ამიტომაც, გერმანიაში ისრაელის მიმართ სოლიდარულები არიან. 

მან ღაზაში მცხოვრებ მოქალაქეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში ჩასვლა:

"ეჭვგარეშეა, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლეს თანაბარი ფასი აქვს. გეტყვით იმასაც, რომ ამ ბოლო რამდენიმე კვირის ტანჯვას, პატარა გოგონებისა და დედების ტკივილს, საკუთარი სახელი აქვს და მას "ჰამასი" ჰქვია, რომელმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე სასტიკი ტერორი განახორციელა. როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ხალხი ამ ტერორისგან, ამიტომაც ვართ გერმანიაში ისრაელის სოლიდარულები, გერმანიისთვის ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება ვაჭრობის საგანი არ არის. მთავარი კი აქ ის არის, რომ ამ ტერორის განმახორციელებლები არ საუბრობენ პალესტინელი ხალხის სახელით, ისინი მხოლოდ საკუთარი სახელით საუბრობენ, ტერორის სახელით. 

ისინი არ საუბრობენ იმ პალესტინელი დედებისა და მამების სახელით, რომლებიც ახლა მათი ჩვილებისთვის სასმელ წყალს ეძებენ ღაზაში. ჩვენ საერთაშორისო სამართლის ენით ვსაუბრობთ, “ჰამასი” კი - ტერორის ენით. ტერორისტები და მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გავმიჯნოთ. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ იმათ დასახმარებლად, ვინც ახლა ამას საჭიროებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში ჩასვლა. მადლობა ამისთვის ეგვიპტეს და შტატებს, მაგრამ ვიცით, რომ მეტი დახმარებაა საჭირო. მიხარია, რომ ვთანხმდებით ამ რეგიონის ახალი სამშვიდობო პროცესის აუცილებლობის ირგვლივ, რომ პალესტინელებმა და ისრაელელებმა, ორმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ერთად, მშვიდობით იცხოვროს - დღეს ეს შორეულად გამოიყურება, თუმცა მხოლოდ ეს დაამარცხებს "ჰამასს", - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

დღის ამბები