26 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი რადიკალური პოლიტიკური მოძრაობისა და რევოლუციური სცენარების თანამონაწილეა - ირაკლი ქადაგიშვილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ლუსტრაციას აკეთებს, რომ რადიკალური პოლიტიკური მოძრაობის და რევოლუციური სცენარების თანამონაწილეა“.

„ვნახეთ, რომ გამოძიების ფარგლებში უშიშროების სამსახურმა კონკრეტული ინფორმაცია მოგვცა. მსოფლიოში ყველა სახელმწიფო უშიშროების სამსახურების მიერ ასეთ მკაფიო რეკომენდაციას ითვალისწინებს და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული კანონში ეს შესწორებები, რომლებიც სრულად თანხვედრაშია ევროპის ადამიანთა უფლებების მაღალ სტანდარტთან. პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ ის სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურს აზრს არაფრად აგდებს და იმ რევოლუციური სცენარის მიმდევრების კვალში დგას, რომელიც ვიცით, რატომ ხდებოდა ის ტრენინგები, მთელი რიგი ის მოვლენები, რომელიც საბოლოო ჯამში რევოლუციური სცენარის განვითარებას უნდა მოხმარებოდა“-აღნიშნა ქადაგიშვილმა.  

რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, ამასთან დაკავშირებით, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული. 

„ვეტო, რა თქმა უნდა, დაიძლევა. ჯერ მოვისმენთ ვეტოს არგუმენტაციას იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვეტო იყო დადებული დავინახეთ, რომ პარლამენტში ამ ვეტოს არგუმენტირებული ახსნა ვერ მოხერხდა ვერცერთხელ სამართლებრივად. ყოველთვის იყო პოლიტიკური განცხადება და არა არგუმენტირებული, სამართლებრივი დასაბუთება. ანალოგიური ვითარება გვექნება ახლაც. გამომდინარე იქიდან ვეტო იქნება დაძლეული“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.

დღის ამბები