26 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ჩვენი პარტნიორები კარგად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ წლების განმავლობაში მიაღწია - მაკა ბოჭორიშვილი 

ჩვენი პარტნიორები კარგად აფასებენ იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია წლების განმავლობაში - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის ევროპული მომავალი.

"ორივე მნიშვნელოვანი საკითხი ასახულია ერთობლივ დეკლარაციაში და ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს მისწრაფებები და სურვილები ვერ იქნება განხორციელებული, თუ ჩვენ არ გვექნება სათანადო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან და სწორედ ამას ასახავს ეს დეკლარაციაც. ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-შიც ძირითადად უკავშირდება მთელი რიგი რეფორმების გატარებას და სწორედ ამაზეა საუბარი. საქართველო ამ დრომდე ძალიან კარგად ასრულებს ყველა იმ ნაკისრ ვალდებულებას, რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებით, რითაც ქმნის ძალიან მტკიცე საფუძველს იმისათვის, რომ დაშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები. ეს არის ზუსტად ის, რის გარეშეც ვერ მოხდება ვერც ერთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და სწორედ ამიტომ არის მისასალმებელი, რომ ჩვენი პარტნიორები კარგად აფასებენ იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია წლების განმავლობაში,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება გუშინ გამოქვეყნდა.

დღის ამბები