26 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა - ისრაელმა დღეს, ჩრდილოეთ საზღვრიდან კვლავ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია

ლიბანის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქ ქირიათ შმონაში, იერუსალიმმა მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება მიიღო. ხალხის ნაწილი, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში მიჰყავთ. ნაწილი კი ნათესავებთან მიდის.

ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე, ღაზის სექტორის მახლობლად, დღეს გაეროს გენერალური მდივანი ჩავიდა. ანტონიო გუტერეშის მიზანია, მოხდეს ეგვიპტის მხარეს თავმოყრილი ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობის რეგულარულად გაშვება და ღაზის ტერიტორიაზე შესვლა. ისრაელის ალყის შემდეგ, ღაზა ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.

საზღვრის მეორე მხარეს კი ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ ეგვიპტეში გადასვლას, ღაზაში ჩარჩენილი ორმაგი მოქალაქეები. საელჩოს მითითებით, ისინი რაფას გადასასვლელთან ყოველდღე მიდიან.

ისრაელმა დღეს სამხედრო ძალების დანაკარგი დაადასტურა. 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია თავდაცვის ძალების 306 ჯარისკაცი, 200 კი უგზო უკვლოდ დაიკარგა. ღაზაში დატყვევებული მძევლების რაოდენობა 203-ია. ღაზიდან ისრაელის მიმართულებით, სულ 7000-მდე რაკეტა ისროლეს. 400-ზე მეტი ისევ ღაზაში ჩამოვარდა.

პალესტინელები ღაზის მხარდამჭერ დემონსტრაციებს მართავენ. რამალაში აქციაზე ხალხი პუტინის და კიმ ჩენ ინის ფოტოებით მივიდა. პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა დღეს სტამბოლსა და ანკარაში, სადაც ისრაელის დროშები, ასევე ამერიკის და ბრიტანეთის დროშის გამოსახულებით პლაკატები დაწვეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, დღეს ანკარა ისრაელის ელჩმა ირით ლილიანმა და სხვა დიპლომატებმა დატოვეს. ცოტა ხნით ადრე კი მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გამოსცა ისრაელის უშიშროების საბჭომ, თურქეთში მოგზაურობის საშიშროებაზე. ასევე მოუწოდეს თურქეთში მყოფ ისრაელელებს, ქვეყანა დაეტოვებინათ. სტამბოლიდან ისრაელმა დამატებითი ავიარეისებიც დანიშნა. 

ისრაელზე თავდასხმის და ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, 3700 პალესტინელია დაღუპული. ამ მონაცემებს პალესტინა მის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰამასის თავდასხმებს კი, ისრაელში 1400 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

 

დღის ამბები