26 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება, მოხელისთვის ქრთამის მიცემა, დიდი ოდენობით ქრთამის აღება და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები - პროკურატურამ 2 პირი დააკავა

პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა.

უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ სამ სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ შპს "ალიანსთან", გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლებში, 11 764 590 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა.

"ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების შემდგომ, შპს "ალიანსის" დირექტორსა და "მუნიციპალური განვითარების ფონდის" მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს შორის შედგა კორუფციული გარიგება, რომლის მიხედვით, ბრალდებულებმა 2021-2022 წლებში შეადგინეს და "მუნიციპალური განვითარების ფონდს" წარუდგინეს შესრულებული სამუშაოს ყალბი მიღების აქტები, კერძოდ - ფორმა #2-ები და გადახდის სერტიფიკატები ხელოვნურად გაზრდილი შესრულებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნული ყალბი აქტების საფუძველზე, შპს "ალიანსს" 6 469 185 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც კომპანიის დირექტორმა ფონდის ყოფილ თანამშრომელს, ქრთამის სახით, 45.000 ლარი გადასცა.

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სამშენებლო-საინჟინრო დასკვნის თანახმად, სინამდვილეში შპს "ალიანსის" მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4 216 004 ლარს, შესაბამისად სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 2 144 830 ლარი შეადგინა. საბოლოოდ შპს "ალიანსის" დირექტორი სახელმწიფოს კუთვნილ 2 253 182 ლარს თაღლითურად დაეუფლა. ამასთან, დროში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა სკოლების რეაბილიტაციის პროცესი, რის გამოც სამივე სოფლის სკოლა იყო უფუნქციო და მოსწავლეები იძულებულნი იყვნენ საგანმანათლებლო პროცესები მიმდებარე სოფლებში არსებულ სხვა სკოლებში გადაეტანათ.

შპს "ალიანსის" დირექტორს ბრალდება თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის მიღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები