გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ობუხივკაში რუსული რაკეტების სამიზნე დასახლებული ტერიტორიები გახდა. იერიშებმა 32 წლის ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა, დაშავდა 3 ადგილობრივი. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები.
რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაივის ოლქზეც - დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. 5-მდე გაიზარდა საცხოვრებელ სახლზე მომხდარი სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობა ზაპოროჟიეს ოლქში.
დაიბომბა ხერსონის ოლქიც - თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ოკუპანტებმა 17-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქი. მნიშვნელოვანი დანაკარგები ჰქონდა ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებსაც.
საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-გან უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები მიიღო. პრესა აქტიურად წერს, რომ რაკეტებს საკმარისი დიაპაზონი აქვს იმისთვის, რომ თითქმის ყველა ძირითად ბაზას მისწვდეს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში საჰაერო მხარდაჭერისა და სამხედროების მომარაგებისთვის იყენებს.