26 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
6 ახალი რაკეტა ისრაელზე ლიბანის მხრიდან და ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმებით მოკლული ჰამასის ლიდერები - ყველა მხრიდან ბლოკირებულ ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთი ხვალ ეგვიპტიდან შევა

უდანაშაულო პალესტინელები მე-13 დღეა უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. არც ის იციან, სად მიდიან და არც უკან დარჩათ რამე. დღეს მათ უთხრეს, რომ ხვალ შესაძლოა წყალი, საკვები და მედიკამენტები მიიღონ. 20 სატვირთო მანქანა უკვე ღაზის სექტორის საზღვართან, ეგვიპტეში დგას და გასვლას ელოდება. თუ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, ანკლავში დამატებითი სატვირთოებიც შევლენ, რადგან რეალურად დღეში ხუთჯერ მეტია საჭირო - ეს ყველაფერი კი იმ პირობით, რომ დახმარება "ჰამასის" ხელში არ მოხვდება. გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს მოჰყვა, რომელმაც პარტნიორს მეტი ლმობიერებისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ შტატებმა ბევრი ხისტი ნაბიჯი ინანა.

ისრაელისთვის ბაიდენი პირველ რიგში მეგობარია, რომელმაც რეგიონში ავიამზიდებთან ერთად, სამხედრო დახმარება გაგზავნა და კიდევ ბევრი შეუძლია. კიდევ ერთი ასეთი მეგობარი ისრაელს დღეს დიდი ბრიტანეთიდანაც ესტუმრა. ჯო ბაიდენის აფრენიდან რამდენიმე წუთში აეროპორტში რიში სუნაკის თვითმფრინავი დაეშვა. "ლონდონი თქვენს გვერდითაა" - ასეთია გზავნილი ნისლიანი ალბიონიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართ.

ნეთანიაჰუსთვის ღაზის სექტორის "ჰამასისგან" გაწმენდა ნომერ პირველი ამოცანაა. 1400-მდე სასტიკად მოკლული და 200-ზე მეტი დატყვევებული მოქალაქის შემდეგ, სხვა სცენარს ისრაელი ვერც განიხილავდა. ახლა მთავარი კითხვა ისაა, როდის დაიწყება და დაიწყება თუ არა საერთოდ დაანონსებული სახმელეთო ოპერაცია ღაზაში. თავდაცვის მინისტრმა დღეს სამხედროები გაამხნევა და მთავარი ამოცანები შეახსენა.

“ჰამასი” და ისრაელი მეორე კვირაა სარაკეტო იერიშებს ცვლიან.დღეს ერთ-ერთ ასეთ დარტყმას ხან იონისში ათობით მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაჭრილებიც, რომლებიც იმ საავადმყოფოებს აწყდებიან, რომლებსაც პაციენტებისთვის ადგილი აღარ აქვთ. ალ - აჰლის საავადმყოფოს საკითხი კი, რომელსაც გუშინ რაკეტა მოხვდა და 500 ადამიანი ემსხვერპლა - კვლავ ღიად რჩება. აშშ, ბრიტანეთი და გაერო დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებენ. “ჰამასი” მომხდარში კვლავ ისრაელს, “ისრაელი” კი “ისლამურ ჯიჰადს” ადანაშაულებს.

პერიოდულად ისრაელს ლიბანური “ჰესბოლას” მიერ განხორციელებული შეტევებისთვისაც უხდება პასუხის გაცემა. იმაზე ფიქრიც,თუ როგორ დაიხსნას 203 ტყვე ღაზიდან, რომლებსაც დღეს 12 წლის ნოია და მისი 80 წლის ბებია გამოაკლდნენ - ისინი მოკლულები იპოვეს. “ჰამასის” ტერორისტულმა თავდასხმამ წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა როგორც ისრაელს, ისე ღაზის პალესტინელ მოსახლეობას, სამხედრო მოქმედებების გაჩერებაზე კი ჯერ საუბარიც არ არის.

დღის ამბები