26 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
2022 წელს დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართულნი იყვნენ გარე და შიდა აქტორები, მიმდინარეობდა უკრაინაში ომის თანმდევ პროცესებზე პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული კამპანიები - გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, გასულ წელს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევა იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები.

„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და მათთან კავშირში მყოფი ლოიალური ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ კოორდინირებულად და კომბინირებულად ხდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, მათ შორის, კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება. გასულ წელს დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ კამპანიებში ჩართული იყვნენ როგორც გარე, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები, რომელთა მიზანს კვლავ წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე, ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან.

მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ და ომის თანმდევი ცალკეული პროცესების თაობაზე მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც აქტიურად ავითარებდა საქართველოში არსებული პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ზოგიერთი ჯგუფი. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელების მცდელობებს შემოსულ პირთა შორის თითქოსდა ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისა და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესი დღესაც გრძელდება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია სამსახურის მისამართით აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, იურიდიულ და ფაქტობრივ გარემოებებს მოკლებული ბრალდებები კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების და მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პროაქტიულ რეჟიმში შემდგარი კომუნიკაციისა და დეტალური ინფორმაციის, მათ შორის მტკიცებულებების მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში მონაწილე მბრალდებელ შიდა და გარე ჯგუფებს არ წარმოუდგენიათ არავითარი მტკიცებულება. აღნიშნული კამპანია ცალსახად წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ მსურს, აღვნიშნო, რომ მსგავსი კამპანიები რეალურად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ და ემსახურებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების მიმართ მოსახლეობის ინტერესის შემცირებას, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხო გარემოს დაზიანებას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები